მბაპემ აღსრულების სამსახურს მიმართა | პსჟ მას კუთვნილ ფულს არ უხდის
საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა, კილიან მბაპემ „პარი სენ-ჟერმენისგან“ კუთვნილი თანხის მისაღებად აღსრულების სამსახურს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა L’Equipe-ი ავრცელებს.
საქმე ეხება მბაპესა და პსჟ-ს შორის მიმდინარე დავას, რომელიც 2024 წლის ზაფხულში ფეხბურთელის ტრანსფერს უკავშირდება. გასული წლის დეკემბერში სასამართლომ პარიზულ კლუბს მბაპესთვის 60.9 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა, საიდანაც 55 მილიონი ევრო ხელფასებისა და ბონუსების თანხაა, 5.9 მილიონი კი ანაზღაურებადი შვებულების თანხაა. პარიზულმა კლუბმა ექსფეხბურთელს ამ დრომდე მხოლოდ 55 მილიონი ევრო გადაუხადა.
L’Equipe-ის ინფორმაციით, ახლა პსჟ-მა მბაპეს კუთვნილი თანხა 8 დღის ვადაში უნდა გადაუხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხბურთელის აგენტები პსჟ-ის ანგარიშებიდან ამ თანხის ამოღებას მოითხოვენ. პარიზულ კლუბს შეუძლია, ეს გადაწყვეტილება 19 თებერვლამდე გაასაჩივროს.
გამოცემა მბაპეს ერთ-ერთ ადვოკატს, ფრედერი კასეროსაც დაუკავშირდა, რომელმაც ჟურნალისტებს მოუწოდა, „ამ კითხვით პსჟ-ს მიმართონ და კლუბი მათ დიდი სიხარულით უპასუხებს“. რაც შეეხება კლუბის რეაქციას, პსჟ-ში ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილებიან, მაგრამ იტოვებენ უფლებას, გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება.
„მიმდინარეობს მოლაპარაკებები ფეხბურთელის წარმომადგენლებთან დარჩენილი თანხის გადახდასთან დაკავშირებით“, - აცხადებენ კლუბში, თუმცა L’Equipe-ი, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, ასეთი მოლაპარაკებების მიმდინარეობას უარყოფს.