ქოჩორაშვილმა ძირითადში დაიწყო | სპორტინგმა აუტსაიდერს დამატებით დროში მოუგო
პორტუგალიის თასის მეოთხედფინალში გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ „აფსს“ დაუპირისპირდა. „ლომები“ ფავორიტები იყვნენ, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად დამატებითი დრო დასჭირდათ.
„სპორტინგი“ 2:0-ს იგებდა და თითქოს ყველაფერი ლოგიკური შედეგისკენ მიდიოდა, თუმცა 64-ე და 90-ე წუთებზე გატანილი თერთმეტმეტრიანებით „აფსმა“, რომელსაც ჩემპიონატში მოგება არ აქვს და მის ანგარიშზე 5 ქულაა, წონასწორობა აღადგინა. გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო დაინიშნა, რომელშიც „სპორტინგმა“ მეტოქე გატეხა, 117-ე წუთზე გაიტანა და 3:2 გაიმარჯვა.
ქოჩორაშვილმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში 13 დეკემბრის შემდეგ პიველად დაიწყო და მოედანზე 68 წუთი გაატარა. „ქოჩოს“ საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია და ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Sofascore-მა, მისი თამაში 6.7 ქულით შეაფასა.
რაც შეეხება სტატისტიკას, ქოჩორაშვილი ბურთს 67-ჯერ შეეხო, 55-დან 50 ზუსტი გადაცემა გააკეთა და 1 საკვანძო პასი ჰქონდა. გიორგიმ ერთხელ დაარტყა და ბურთს მცველები გადაეღობნენ. „ქოჩომ“ 8-დან 4 ორთაბრძოლა მოიგო, 2-ჯერ დაჯარიმდა, ბურთი 3-ჯერ დაიბრუნა და 1 ჩაჭრა ჰქონდა.
ცნობისთვის, „სპორტინგი“ მომდევნო შეხვედრას 10 თებერვალს გამართავს და უმნიშვნელოვანესი მატჩი ელოდება. „ლომები“ სტუმრად „პორტუს“ დაუპირისპირდებიან და შეხვედრა თბილისის დროით 00:45-ზე დაიწყება.