„ძალიან კარგი მსროლელია“ | ტორონტოს მწვრთნელმა მამუკელაშვილზე ისაუბრა
სანდრო მამუკელაშვილმა „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ წინააღმდეგ ორმაგი დუბლი მიითვალა. „მამუმ“ 14 ქულა, 12 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება გაიფორმა, მისმა გუნდმა კი „უორიორსი“ 145:127 გაანადგურა.
მატჩის შემდეგ კანადელთა მთავარმა მწვრთნელმა, დარკო რაიაკოვიჩმა, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. რაიაკოვიჩმა მამუკელაშვილზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ სანდრო ძალიან კარგი მსროლელია.
„სანდრო მამუკელაშვილი ძალიან კარგი მსროლელია. მას გუნდური მენტალიტეტი აქვს და გუნდს ყოველთვის ყველაფერზე წინ აყენებს. სანდრო სულ იმას ფიქრობს, თანაგუნდელებს როგორ დაეხმაროს და მათ სასროლი პოზიციები როგორ შეუქმნას.
არის მომენტები, როდესაც გუნდის დახმარების საუკეთესო გზა თავისუფალი პოზიციებიდან სროლაა. დღეს, ძალიან კარგი სამუშაო გასწია და ყველაფერი მშვენივრად დააბალანსა. საუბარი მაქვს თანაგუნდელების ხელსაყრელ პოზიციებში დატოვებაზე, სამწამიანში შესვლასა და თავისუფალი პოზიციებიდან სროლაზე.“
ცნობისთვის, „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 4 სამქულიანი ჩააგდო და 4-დან 1 ორქულიანი გამოიყენა, რომელიც ეფექტური ჩატენვა გახლდათ. სანდროს ერთი დაკარგვა ჰქონდა და ორჯერ დაჯარიმდა. მის გუნდს 26 მოგება და 19 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა.