როგორ განაწილდა ჩემპიონთა ლიგის ბიუჯეტი | პსჟ-მა 144 მილიონი მიიღო
ესპანურმა ბიზნესპლატფორმამ, 2Playbook-მა, უეფას დოკუმენტებზე მიიღო წვდომა და გაარკვია, როგორ გადანაწილდა ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების გათამაშების ბიუჯეტი. ტურნირის გამარჯვებული ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ გახდა და „კვარას“ გუნდმა 144.4 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
საინტერესოა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებით პარიზელებმა უფრო დიდი თანხა მიიღეს, ვიდრე საფრანგეთის ლიგა 1-ის სატელევიზიო უფლებების გაყიდვიდან გასანაწილებელი თანხაა (142 მილიონი ევრო, რომელიც კლუბებმა უნდა გაინაწილონ). ლუის ენრიკეს გუნდმა ფინალში „ინტერს“ მოუგო და „როსონერიმ“ 136.6 მილიონი ევრო დაისაკუთრა.
„პარი სენ-ჟერმენისა“ და „ინტერის“ შემდეგ მესამე ადგილზე „არსენალი“ მოდის — 117 მილიონი ევრო, ხოლო „ბარსელონამ“ და „რეალმა“ 116.6 და 101.8 მილიონი ევრო მიიღეს. „ბაიერნისა“ და „დორტმუნდის“ შემოსავალმა 105.9 და 102.2 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ 98.1 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის მთლიანი ბიუჯეტი 2.467 მილიარდი ევრო იყო. ევროპა ლიგის ბიუჯეტმა კი მხოლოდ 565.3 მილიონი ევრო შეადგინა. „ტოტენჰემმა“, რომელმაც ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა, „პარი სენ-ჟერმენზე“ 100 მილიონით ნაკლები გამოიმუშავა — 41.4 მილიონი. „წითელმა ეშმაკებმა“ კი 36.4 მილიონი მიიღეს.