„პერესი ყველას, ვინც მის მსგავსად არ ფიქრობს, იდიოტად მიიჩნევს...“
ესპანელი ჟურნალისტი ალფრედო რელანიო „რეალიდან“ ჩაბი ალონსოს წასვლის მიზეზებზე საუბრობს და ფლორენტინო პერესს აკრიტიკებს.
ჟურნალისტმა COPE-ს ეთერში ისაუბრა. გამოცემა As-ის ყოფილმა დირექტორმა აღნიშნა, რომ კლუბის პრეზიდენტს „არ შეიძლება მოსწონებოდა რეალის ჩავარდნილი თამაში სუპერთასზე“.
„უთანხმოება პერესსა და ალონსოს შორის ჯერ კიდევ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დროს გაჩნდა. მწვრთნელს ეს ტურნირი არ მოეწონა, თუმცა ეს შეჯიბრება ფლორენტინოს სტრატეგიის ნაწილი იყო. რაც შეეხება მარცხს ბარსელონასთან, არ შეიძლებოდა, რომ მას ამ მატჩის წაგება მოსწონებოდა...
ნებისმიერი, ვინც მასზე (პერესზე) განსხვავებულად ფიქრობს, რაიმეში არ ეთანხმება, მაშინვე იდიოტად მიიჩნევა და ითვლება პიროვნებად, რომელიც ერთობლივი მუშაობისთვის არ გამოდგება“.
- განაცხადა რელანიომ.
ალონსოს დათხოვნა ბევრისთვის მოულოდნელი გამოდგა, რადგან სუპერთასის ფინალის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბი ჩაბის ნდობას უცხადებდა. საბოლოოდ, როგორც გაირკვა, წასვლის სურვილი თავად ალონსოსაც ჰქონდა, რადგან ფეხბურთელებთან მისი ურთიერთობა ისეთი არ იყო, როგორიც მას სურდა.