ჩემპიონის სერიოზული შევსება - იბერიამ ღუდუშაური და ბართიშვილი წარადგინა
პაატა ღუდუშაური და ანდრია ბართიშვილი კარიერას „იბერიაში“ განაგრძობენ. პირველი მათგანი საქართველოს სამგზის ჩემპიონს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ბართიშვილმა კი ერთწლიანი საიჯარო კონტრაქტი გააფორმა. უახლოეს დღეებში ჩეხეთის „ზლინიდან“ და ფოთის „კოლხეთიდან“ ზვიად ნაჭყებიასა და აკაკი გიუნაშვილის ტრანსფერების განხორციელებაც იგეგმება.
2025 წლის საქართველოს ჩემპიონატში 28 წლის ღუდუშაური „ტორპედოში“ გამოდიოდა და 33 შეხვედრაში თავი 6 გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა. ღუდუშაურმა ოცდაცამეტიდან ოცდაცხრა მატჩი ძირითადში დაიწყო, დუბლი ერთხელ შეასრულა და ექვსი ყვითელი ბარათი მიიღო.
16 წლის ანდრია ბართიშვილმა ქომაგებს თავი ევროპის 17-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაამახსოვრა. მან როგორც ისლანდიასთან, ასევე საბერძნეთის ნაკრებთან უმაღლეს დონეზე ითამაშა და ბერძნებს საჯარიმო დარტყმით გაუტანა. საკლუბო დონეზე ფოთის „კოლხეთის“ ღირსებას იცავდა და ჩემპიონატის 17 შეხვედრაში, საიდანაც ძირითადში მხოლოდ 4 დაიწყო, 1 საგოლე პასი შეასრულა.
ცნობისათვის, 19 იანვრიდან „იბერია“ თურქეთში ერთთვიან წინასასეზონო შეკრებას გაივლის. მარტიდან საქართველოს ჩემპიონატი დაიწყება, ივნისში კი გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაცი ეტაპზე ჩაერთვება.