ემბიდს ეფექტურად დაუფარა | მამუკელაშვილის 8 ქულა ფილადელფიასთან
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ „ფილადელფია სევენთი სიქსერსთან“ ზედიზედ მეორე შეხვედრა გამართა. პირველი მატჩისგან განსხვავებით, კანადელები დამარცხდნენ და „სიქსერსთან“ 102:115 წააგეს.
ქართველმა კალათბურთელმა თამაში სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პარკეტზე 20 წუთი და 48 წამი გაატარა. მამუკელაშვილმა აქტივში 8 ქულა, 2 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა. სანდრომ 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი გააფუჭა და 5-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. „მამუმ“ დასამახსოვრებელი მომენტები შემოგვთავაზა და ერთ-ერთი ჯოელ ემბიდის წინააღმდეგ გაფორმებული ეფექტური დაფარება გახლდათ.
„ტორონტოს“ რიგებში საუკეთესო იმანუელ ქუიკლი იყო, რომელმაც 18 ქულა მიითვალა. ბრენდონ ინგრემმა 17 ქულა და 10 მოხსნა გააკეთა, ხოლო სკოტი ბარნსმა მატჩი 15 ქულით დაასრულა. „ფილადელფიას“ რიგებში 33 ქულით ტაირიზ მაქსი გამოირჩა. ჯოელ ემბიდმა 27 ქულა ჩააგდო.
ცნობისთვის, „ტორონტოს“ 24 მოგება და 17 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზე იმყოფება. კანადელების მომდევნო მეტოქე „ინდიანა პეისერსია“, რომელსაც სტუმრად დაუპირისპირდებიან.