შავი ლომი
Aa
Aa

შავი ლომი ჯგუფიდან გასასვლელად ძებრეს დაუპირისპირდება

ტოპ 14-ის „მონტობანთან“ საფრანგეთში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ (31:28), „შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასის ფლეი-ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა. ამისათვის, 17 იანვარს, იტალიური „ძებრეს“ „მიხეილ მესხზე“ დამარცხება მართებს.

მარკო ბორტოლამის, ლადო კილასონიასა და ილია მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა „მონტობანს“ 45 წუთში 5 ლელო გაუტანა და ბონუს-ქულაც ჩაიწერა. შედეგად, „შავი ლომი“ 5 ქულით მეხუთე ადგილზეა და 3 ქულით ირლანდიურ „კონახტს“, ხოლო 4-ით იტალიურ „ძებრეს“ ჩამორჩება. ფლეი-ოფში ჯგუფიდან ოთხი გუნდი გადის.

„შავი ლომი“ „ძებრეს“ წელს მეორედ ეთამაშება. პირველად მეტოქეს „შავი ლომი“ სექტემბერში, იტალიური ტურნეს ფარგლებში შევხვდა და „სერჯიო ლანფრაკიზე“ დიდი ბრძოლა გაუმართა.

„ძებრეს“ წინამორბედი, მიწვეული გუნდი 1973 წელს დაარსდა, 1997 წელს დაიშალა, 2012 წლის ივნისში კი, უკვე იტალიის რაგბის ფედერაციის პატრონაჟით, პროფესიული ფრენჩაიზის სახით აღდგა. იმავე წელს გუნდი რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატში (იმხანად პრო 12, მოგვიანებით პრო 14) და ევროპის პროფესიულ საკლუბო ტურნირებში (ჩემპიონთა და ჩელენჯ თასი) ჩაერთო.

„ძებრე“ იტალიის 4 რეგიონს აერთიანებს: ემილია-რომანიას, ლიგურიას, ლომბარდიასა და პიემონტს, რომლებიც რამდენიმე სარაგბო კლუბსა და ათიათასობით მოთამაშეს მოიცავს.

რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატის ბოლო სეზონში „ძებრემ“ 18-იდან 5 თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და 29 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილი დაიკავა. 2012 წლიდან დღემდე მან სამჯერ ითამაშა ჩემპიონთა თასზე, 10 სეზონი კი ჩელენჯ თასზე გაატარა, სადაც ორჯერ შეძლო ჯგუფური ეტაპის გადალახვა.

წლევანდელ რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატში — სადაც „შავი ლომის“ ჩართვა ქართული რაგბის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია — „ძებრემ“ 9-იდან ორი თამაში მოიგო (შოტლანდიურ „ედინბურგთან“ 31:28 და სამხრეთაფრიკულ „ლაიონსთან“ 22:20). ჯამში გუნდი 11 ქულით ბოლოსწინა, მე-15 პოზიციაზეა. ამ 11 ქულიდან ბონუს-ქულები მათ „ედინბურგთან“ და ირლანდიურ „ლენსთერთან“ (26:50) მატჩებში 4 ლელოს გატანისთვის მიიღეს, ერთი ნუგეშ-ქულა კი იტალიურ „ბენეტონთან“ მცირე სხვაობით წაგებისთვის (15:21) ჩაეწერათ.

წყარო: Rugby.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მესამე მატჩში - ნინიაშვილი მოედანს ლელოს გარეშე არ ტოვებს
ზედიზედ მესამე მატჩში - ნინიაშვილი მოედანს ლელოს გარეშე არ ტოვებს