ზარია: “სათადარიგო ფეხბურთელად ყოფნა არ მსურდა“
როგორც მოგეხსენებათ, გიორგი ზარიამ კაირატი დატოვა და ჯერჯერობით უგუნდოდ არის. ქართველი ფეხბურთელი გამოცემა Vesti.Kz-ს ესაუბრა და გუნდიდან წასვლის მიზეზი გააჟღერა. ასევე ზარიამ ახალ კლუბთან მოლაპარაკება დაადასტურა.
ზარია:
„კაირატს მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ. დარჩენა მსურდა და პრეზიდენტიც იგივე აზრზე იყო, თუმცა პრობლემა მთავარი მწვრთნელი იყო. სეზონის მეორე ნახევარში ბევრი სათამაშო დრო არ მეძლეოდა. მწვრთნელისგან ჩემი შენარჩუნების სურვილიც ვერ დავინახე მიუხედავად იმისა, რომ მასთან პრობლემები არ მქონდა. საბოლოო ჯამში, სათადარიგო ფეხბურთელად ყოფნა არ მსურდა.
დიახ, ჩემით ყაზახური გუნდები ინტერესდებიან. მოლაპარაკებას აქტობესთან და ტობლოთან ვაწარმოებ, თუმცა უფრო ხშირი კონტაქტი აქტობესთან მაქვს. ინტერესი არის, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია.“
შეგახსენებთ, რომ ზარია კაირატში 2024 წლიდან თამაშობდა. ქვეყნის ჩემპიონი ორჯერ გახდა (2024, 2025), 28 წლის ცაცია შემტევმა მიმდინარე სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ითამაშა, ჩემპიონთა ლიგის ფაზაში 5 მატჩი ჩაატარა (1 სასტარტოში), „კოპენაჰგენთან’’ საგოლე პასი შეასრულა.
ზარიასთვის „კაირატი'' პირველი უცხოური კლუბი იყო. მანამდე „სასკოში'', თბილისის „დინამოსა'' და ბათუმის „დინამოში'' ასპარეზობდა.