შეცვლაზე შევიდა და გაიტანა - ტაბატაძის კადისმა ხიხონს მოუგო
ლა ლიგა 2-ის 21-ე ტურში იური ტაბატაძის „კადისმა“ ხიხონის „სპორტინგს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.
ქართველმა შემტევმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და თამაშში მხოლოდ 64-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა უკვე 72-ე წუთზე საკუთარი ნახევრიდან ბურთით მეტოქის საჯარიმომდე ჩავიდა, სადაც „ხიხონის“ მცველს წესები დაარღვევინა და 11-მეტრიანი გამოიმუშავა, რომელიც თავადვე დამაჯერებლად შეასრულა.
ამრიგად, ტაბატაძის ანგარიშზე ლა ლიგა 2-ის მიმდინარე გათამაშებაში უკვე 6 გოლია და ის „კადისის“ საუკეთესო ბომბარდირია. Sofascore-მა მისი თამაში 7.3 ქულით შეაფასა, ტაბატაძის სტატისტიკა კი ასეთი იყო: 10 შეხება ბურთთან, 1 დარტყმა კარში, 2-დან 1 წარმატებული დრიბლინგი, 3-დან 1 ზუსტი პასი (33%), 5-დან 2 მოგებული ორთაბრძოლა და 4 დაკარგული ბურთი.
რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, ანგარიში მე-11 წუთზე ალვარო პასკუალმა გახსნა, 53-ეზე ბრაიან ოკამპომ მასპინძელთა უპირატესობა გაზარდა, 72-ეზე ტაბატაძემ „კადისის“ მესამე გოლი გაიტანა, 82-ეზე კი ჯონატან დუბასინმა ერთი ბურთი გაქვითა. 90+3 წუთზე გასპარ კამპოსმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა „კადისმა“ სასურველი ანგარიშის შენარჩუნება მაინც შეძლო - 3:2.
21 ტურის შემდეგ „კადისი“ 34 ქულით სატურნირო ცხრილის მე-5 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ტაბატაძის გუნდი 18 იანვარს, სტუმრად, „ალბასეტეს“ წინააღმდეგ გამართავს.