პრივილეგიები და უნიკალური კონტენტი - TikTok-ი FIFA-ს პარტნიორი ხდება
FIFA-მ გამოაცხადა, რომ სოციალური პლატფორმა TikTok-ი პირველ „პრიორიტეტულ პლატფორმად“ შეარჩიეს. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ სოციალურ ქსელებში ვიდეოკონტენტის განსათავსებლად TikTok-ს პრივილეგიები მიენიჭება.
„TikTok-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და დინამიკური მობილური ვიდეოკონტენტის პლატფორმაა. ის გახდება FIFA-ს ისტორიაში პირველი პრიორიტეტული პლატფორმა. ეს გამოიწვევს თანამშრომლობისა და ინტეგრაციის დონის ამაღლებას, რაც TikTok-ს საშუალებას მისცემს შესთავაზოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის უფრო სრულყოფილი გაშუქება, მათ შორის ორიგინალური კონტენტის რაოდენობის გაზრდა, და გახდეს ძირითადი ადგილი გულშემატკივრებისა და კონტენტის შემქმნელებისთვის მთელი ტურნირის განმავლობაში.
ეს პარტნიორობა მნიშვნელოვან შესაძლებლობებს უხსნის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურ მედიაპარტნიორებს TikTok-ზე, რაც მოიცავს მატჩების ფრაგმენტების პირდაპირ ეთერში ტრანსლირების, მეტი შერჩეული ვიდეორგოლის გამოქვეყნებისა და FIFA-ს მიერ სპეციალურად TikTok-ისთვის შექმნილ კონტენტზე წვდომის უფლებას.
ტელემაუწყებლებს ასევე შეეძლებათ თავიანთი ტრანსლაციების მონეტიზაცია TikTok-ის პრემიუმ სარეკლამო გადაწყვეტილებების მეშვეობით. TikTok დანერგავს მეკობრეების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკას, რომელიც მხარს დაუჭერს და დაიცავს FIFA-ს ინტელექტუალურ საკუთრებას“,
– ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ასევე აღინიშნება, რომ კონტენტის ავტორებს ექნებათ წვდომა პრესკონფერენციებსა და ვარჯიშებზე. გარდა ამისა, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, გამოიყენონ და FIFA-სთან ერთად შექმნან საარქივო ვიდეომასალები.