ბილბაო, კილიან მბაპე
Aa
Aa

საპრიზო ფონდი 23 მილიონამდე - ესპანეთის სუპერთასის დეტალები და განრიგი

ესპანეთის სუპერთასზე მონაწილეობისთვის განკუთვნილი საპრიზო ფონდი გასულ წელთან შედარებით გაიზრდება. ინფორმაციას ესპანური Marca ავრცელებს.

როგორც წყარო იტყობინება, ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციამ (RFEF) საპრიზო ფონდის გაზრდა ტურნირის პრესტიჟის ამაღლებისა და მონაწილე გუნდების მოტივაციის მიზნით გადაწყვიტა.

2025 წელს გუნდებს შორის 19 648 486 ევრო განაწილდა. ტურნირში მონაწილეობისთვის „ბარსელონამ“ და „რეალმა“ 6-6 მილიონი ევრო მიიღეს, „ბილბაომ“ – 2 მილიონი, ხოლო „მალიორკამ“ – 850 ათასი. გარდა ამისა, ნახევარფინალისტებს დამატებით 1-1 მილიონი ევრო გადაუხადეს, ხოლო გამარჯვებულმა – „ბლაუგრანამ“ – კიდევ 2 მილიონი მიიღო.

მიმდინარე წელს საპრიზო ფონდის საერთო თანხა დაახლოებით 23 მილიონ ევროს შეადგენს. თითოეული კლუბი თავის წილს მოპოვებული ტიტულების, ისტორიისა და სატელევიზიო აუდიტორიის მიხედვით იღებს.

RFEF-ის შემოსავალი სუპერთასის ჩატარებიდან 51,9 მილიონი ევრო იქნება. აქედან დაახლოებით 28 მილიონი ევრო არაპროფესიონალური ფეხბურთის განვითარებას მოხმარდება.

ტურნირის ნახევარფინალში „რეალი“ „ატლეტიკოს“ (8 იანვარს, 23:00) დაუპირისპირდება, ხოლო „ბარსელონა“ – „ბილბაოს” (7 იანვარს, 23:00). ამ წყვილებში გამარჯვებულები ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს, რომელიც 11 იანვარს გაიმართება.

როგორც უკვე გახდა ცნობილი, კილიან მბაპე ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში ვერ ითამაშებს.

დეკემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელს მარცხენა მუხლის იოგების დაჭიმულობა დაუდგინდა. როგორც As იტყობინება, 8 იანვარს „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ მისი მოედანზე გასვლა გამორიცხულია.

ამ შეხვედრაში მადრიდელებს ასევე დააკლდება: ედერ მილიტაო და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი. დინ ჰუისენმა კი გუშინ ძირითად ჯგუფთან ერთად ივარჯიშა და, სავარაუდოდ, თამაშს შეძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები