სულშერი მზადაა, მანჩესტერ იუნაიტედში დროებით მწვრთნელად დაბრუნდეს
ოლე გუნარ სულშერი მზად არის,„მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდეს. დღეს „წითელმა ეშმაკებმა“ რუბენ ამორიმი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადეს.
ჟურნალისტ რიჩ ფეის ცნობით, სულშერი მზად არის, კლუბში დროებითი მწვრთნელის სტატუსით დაბრუნდეს. ნორვეგიელი სპეციალისტი „მანჩესტერ იუნაიტედს“ 2018 წლის დეკემბრიდან 2021 წლის ნოემბრამდე ხელმძღვანელობდა: მისი თავკაცობით გუნდმა პრემიერ ლიგაში მე-2 და მე-3 ადგილები დაიკავა, ასევე გავიდა ევროპის ლიგის ფინალში.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „იუნაიტედი“ ამორიმის მთავარ შემცვლელად „კრისტალ პალასის“ დამრიგებელს, ოლივერ გლასნერს განიხილავს. ასევე, კლუბი დააკვირდება „იფსვიჩის“ მთავარი მწვრთნელის, კირან მაკკენას, „ჩელსიდან“ გათავისუფლებული ენცო მარესკასა და გერმანიის ნაკრების თავკაცის, იულიან ნაგელსმანის კანდიდატურებს. შესაძლებელია დროებითი მწვრთნელის დანიშვნაც.
ცნობისთვის, 20 ტურის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 31 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეექვსე პოზიციას იკავებს. ამორიმის წასვლას წინ უძღოდა მის მიერ „ლიდსთან“ მატჩის შემდეგ გაკეთებული განცხადებები, რომლებშიც ჩანდა, რომ მას კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი ჰქონდა.