ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკო გოლის გატანასთან ახლოს იყო | სენტ-ეტიენმა ქულები დაკარგა

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-18 ტურში უშუალო კონკურენტების, „ლე მანისა'' და „სენტ-ეტიენის'' საფეხბურთო დაპირისპირება 0:0 დასრულდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, აქტიურობდა, პირველ ტაიმში გოლის გატანასთან ახლოს იყო, მისი დარტყმის შემდეგ ასხლეტა იყო, თუმცა მეკარემ რეაგირება მოასწრო, რთული დარტყმა მოიგერია.

მეორე ტაიმში ქართველმა გარემარბმა ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა, თუმცა მან რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. ზურიკოს დღევანდელი მატჩიდან აღნიშნული ორი ეპიზოდი ყველაზე მეტად გამოსარჩევი იყო.

18 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენი'' 31 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიდერს 7 ქულით ჩამორჩება.

საფრანგეთის ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 24 წლის ქართველმა შემტევმა 16 მატჩში 9 საგოლე მოქმედება დააგროვა, 8 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა. ბომბარდირთა დავაში ლიდერებს მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩება. თუ ზურიკო ლიგა 2-ში დარჩება, ბომბარდირის ტიტულის მოპოვების რეალური შანსი აქვს.

ლიგა 2-ის გარდა ზურიკომ ერთი მატჩი საფრანგეთის თასზე ჩაატარა, „ნიცასთან'' პენალტი გაიტანა.

გასულ თვეში „სენტ-ეტიენის'' მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანდმა დავითაშვილზე ისაუბრა: „ზურიკოს ირგვლივ ამ ზაფხულს დიდი აჟიოტაჟი იყო. შესაძლოა, მან კონცენტრაცია დაკარგა, მაგრამ ჩვენ მის ამბიციებზე ვისაუბრეთ და როგორც კი ისევ ფოკუსირდა, ძალიან კარგად გამოიყურებოდა. მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა, კარგი ბიჭია და ძალიან ვაფასებ. იანვარზე არ ვნერვიულობ (ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას გულისხმობს), კონცენტრაციის ვარდნა აღარ ექნება, ეს საკითხი მასთან უკვე მოვაგვარეთ. ლუკასიც (სტასინი) ანალოგიურ სიტუაციაშია. მის გარშემოც ბევრი საუბარი იყო. ბელგიიდან ტრავმირებული დაბრუნდა, მაგრამ რაც დაბრუნდა, ძალიან კარგად მუშაობს. ეს საუკეთესო ლუკასია, რაც კი სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული მინახავს“.

შესაძლოა, დავითაშვილი „სენტ-ეტიენში'' სეზონის ბოლომდე დარჩეს, თუმცა ეს საკითხი გადაწყვეტილი არაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები