„სატრანსფერო ფანჯარა გრძელია“ - ტორინოს მწვრთნელმა საზონოვზე ისაუბრა
„ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა, მარკო ბარონიმ „ვერონასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, მათ შორის ისაუბრა „ხარების“ ქართველ მცველზე, საბა საზონოვზეც.
„სპორტულ დირექტორთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. ერთი რამ ყველამ ძალიან კარგად უნდა გაითავისოს: სატრანსფერო ფანჯარა გრძელია და შესაძლოა დიდი ძალები წაგვართვას. არ მინდა ამაზე ენერგიის დახარჯვა და არც ფეხბურთელებს მივცემ ამის საშუალებას.
რას იზამს კლუბი, თუ ვინმე წასვლას მოითხოვს? რამდენიმე ფეხბურთელმა იცის, რომ კარგი შეთავაზების შემთხვევაში წასვლა შეუძლიათ. ტრავმები გვქონდა და ამის გამო საზონოვი განაცხადში დავაბრუნეთ... თუმცა ვიმეორებ, არ დავუშვებ, რომ რომელიმე ფეხბურთელმა ყურადღება მოადუნოს და ფეხბურთის გარდა სხვა რამეზე იფიქროს“.
როგორც იცით, ზაფხულში საზონოვი „ხეტაფეში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა კლუბებმა საჭირო დოკუმენტაციის გაცვლა ვერ მოასწრეს და ქართველი მცველი ტურინში დარჩა. „ტორინომ“ საბა განაცხადს მიღმა დატოვა, თუმცა დეკემბრის მეორე ნახევარში მცველების ტრავმების ფონზე საზონოვი განაცხადში დაბრუნდა და „სასუოლოსთან“ მატჩში სათადარიგოთა სკამზეც იყო.
იტალიური მედია წერდა, რომ 23 წლის მცველი დიდი ალბათობით „ტორინოს“ იანვარში დატოვებს, ვინაიდან ზაფხულში ის უკვე თავისუფალი აგენტი გახდება, „ხარებს“ კი მისი უფასოდ გაშვება არ სურთ.
აქვე გეტყვით, რომ „ვერონა“-„ტორინოს“ მატჩი 4 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.