ბარსელონას ჩელსის მცველი შესთავაზეს - ლონდონელები იჯარას არ განიხილავენ
ავტორიტეტული საფეხბურთო ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ბარსელონას“ იანვარში „ჩელსის“ ცენტრალური მცველის, აქსელ დისასის დამატება შესთავაზეს.
ანდრეას კრისტენსენის ტრავმის ფონზე, რის გამოც დანიელი მცველი სულ მცირე 4 თვეს გამოტოვებს, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა იანვრის ცენტრალური მცველის დამატების შესაძლებლობას განიხილავს. თუმცა, რომანოს ცნობით, „არისტოკრატები“ დისასის იჯარით გაშვებას არ აპირებენ და მხოლოდ სრულფასოვან ტრანსფერზე არიან თანახმა.
ცნობილია, რომ „ბარსელონას“ „ფინანსური ფეირ პლეის“ მოთხოვნების დაკმაყოფილება ჯერ კიდევ უჭირს, ამიტომ კლუბის მიერ დისასის სანაცვლოდ დიდი თანხის გადახდა ნაკლებად სავარაუდოა.
ალტერნატიულ ვარიანტებს შორისაა „ბორნმუთის“ არგენტინელი მცველი მარკოს სენესი, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. თუ „ბლაუგრანა“ საბოლოოდ მასზე შეაჩერებს არჩევანს, იანვარში მისი დამატება სიმბოლური თანხის სანაცვლოდ იქნება შესაძლებელი.
ცნობისთვის, დისასი „ჩელსის“ 2023 წელს შეუერთდა. მიმდინარე სეზონში 27 წლის ფრანგი მცველი „ლურჯების“ განაცხადში ვერ მოხვდა. გასული სეზონის მეორე ნახევარი კი იჯარით „ასტონ ვილაში“ გაატარა.
რაც შეეხება სენესის, 28 წლის არგენტინელი „ალუბლების“ ღირსებას 2022 წლიდან იცავს და მიმდინარე სეზონში „ბორნმუთის“ მაისურით 17 მატჩი ჩაატარა.