რობერტო დურანი VS დევიდ რედფორდი | მლესავი ქვის ხელების წინააღმდეგ
Aa
Aa

რობერტო დურანი VS დევიდ რედფორდი | მლესავი ქვის ხელების წინააღმდეგ

რობერტო დურანი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივეა. მან საკუთარი მიღწევებით კრივის ისტორია დაწერა და ხელთათმანები 33 წლის განმავლობაში არ გაუხდია. დურანმა კარიერა 1968 წელს დაიწყო და დიდ სპორტს 2001 წელს დაანება თავი. პანამელმა ლეგენდამ 119 ორთაბრძოლა ჩაატარა (103 მოგება, 16 წაგება) და შუგარ რეი ლეონარდიც კი დაუმარცხებია.

დურანი ოთხი წონითი დივიზიონის ჩემპიონია. ის ჯეკ ჯონსონის შემდეგ მეორე მოკრივეა, რომელმაც ხუთ დეკადაში იჩხუბა. დურანი ცნობილი იყო უძლიერესი დარტყმებითა და ბრწყინვალე დაცვით, რის გამოც მას მეტსახელად Manos de Piedra — „ქვის ხელები“ შეარქვეს.

დურანს ლეგენდარული მეტოქეები ჰყავდა, თუმცა 1997 წლის ნოემბერში მის წინააღმდეგ ბევრისთვის უცნობი მოკრივე გამოვიდა. იმ პერიოდში „ქვის ხელები“ მორიგი ორთაბრძოლისთვის ემზადებოდა. მის ანგარიშზე 99 მოგება და 13 მარცხი იყო და დურანს კარიერაში მე-100 გამარჯვების მოპოვება სურდა. რობერტოს სამხრეთ აფრიკაში, პიჯეი გუსენის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ ორთაბრძოლამდე ხუთი დღით ადრე მან კოჭი მოიტეხა და რინგზე გასვლაზე უარი თქვა.

დურანის მენეჯერები დევიდ რედფორდის წარმომადგენელს იცნობდნენ. ისინი მას დაუკავშირდნენ და ჰკითხეს, შეძლებდა თუ არა მისი კლიენტი ჩხუბს. რედფორდის მწვრთნელი, ჯეიმს უოკერი მიღებული შეთავაზებით აღფრთოვანებული იყო და დეივთან კონტაქტზე გასვლა სცადა, თუმცა ვერსად იპოვა. როგორც გაირკვა, რედფორდი დას ეხმარებოდა, რომელიც ახალ სახლს ალამაზებდა. რაში ეხმარებოდა? დევიდ რედფორდი კრივის პარალელურად მლესავად მუშაობდა და დის სახლში სწორედ ამ საქმით იყო დაკავებული.

„კარგად მახსოვს, ერთ-ერთ კედელს ვლესავდი, როდესაც ტელეფონზე დამირეკეს. ჯეიმსმა მითხრა: „მთელი დღეა, შენთან დაკავშირებას ვცდილობ, აუცილებლად უნდა შევხვდეთ“. ვუპასუხე, კედელს ვლესავ-მეთქი, მაგრამ მითხრა, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვსო. ჩემს დას ვუთხარი, რომ პატარა საქმე მქონდა და მალე დავბრუნდებოდი.

მენეჯერს შევხვდი და მითხრა: „ჩხუბი გიპოვე, მაგრამ ერთი პრობლემაა — ახლავე უნდა წავიდეთ. რამდენიმე საათში აეროპორტში უნდა ვიყოთ“. ვკითხე, ვის უნდა ვეჩხუბო-მეთქი და მიპასუხა: „რობერტო დურანს’“, — იხსენებს რედფორდი.

ინგლისელმა მოკრივემ „ქვის ხელების“ შესახებ ყველაფერი კარგად იცოდა და თავდაპირველად უარი თქვა. „არა, არა… რობერტო დურანი მომკლავს“, — იმეორებდა დევიდი, თუმცა საბოლოოდ პანამელ ლეგენდასთან ჩხუბს დათანხმდა. ბოლოს და ბოლოს, ასეთი შანსი ხომ ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა.

„არ დაგავიწყდეთ, რომ მლესავად ვმუშაობდი. ყველაფერს ვაკეთებდი, რათა ჩემს ოჯახს საჭმელი ჰქონოდა. დიდი ბრიტანეთის ტოპ 10-ში შევედი და ჩემი კანდიდატურა სწორედ ამიტომ შეარჩიეს. შემეძლო მუშაობა შემეწყვიტა და მთლიანად კრივზე გადამეტანა ყურადღება, მაგრამ ასე არ მოვქცეულვარ. ასეთი ადამიანი არ ვარ, თორემ ვინ იცის, რა მოხდებოდა... დურანისთვის ძალიან მარტივად მოვემზადე — ერთი კვირა ლუდი არ დამილევია“, — ამბობს რედფორდი.

ორთაბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე რედფორდმა ფუფუნებაში გაატარა დრო და პოპულარული პოპ-ჯგუფის, Spice Girls-ის წევრებიც გაიცნო. დურანისა და რედფორდის ბრძოლა რვარაუნდიანი იყო და მსაჯების გადაწყვეტილებამდე მივიდა. „ქვის ხელები“ დამაჯერებელი იყო და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.

„ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ რინგზე რობერტო დურანთან ერთად ვიდექი. ჩხუბის ბოლომდე მიყვანა საუკეთესო შედეგი იყო, რაზეც ვოცნებობდი. ღონისძიების დასრულების შემდეგ ნომერში შამპანურის ბოთლი გამომიგზავნეს, მაგრამ სხეული ისე მტკიოდა, დალევის თავიც არ მქონდა“, — იხსენებს ინგლისელი მოკრივე.

„დეივი დარტყმებს ისე იტანდა, თითქოს ცხენი ყოფილიყო. სამხრეთ აფრიკაში ძალიან გვიან ჩავედი და მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. რინგზე შესვლისას მივხვდი, რომ საერთოდ არ ეშინოდა. ჩემი არ ეშინოდა და საბრძოლველად იყო მოსული“, — ამბობს დურანი, რომელიც ბრძოლის დროს 45 წლის იყო, რედფორდი კი მასზე 18 წლით ახალგაზრდა.

ამ უცნაურ ისტორიას კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ახლავს. რედფორდი სამშობლოში ამაყად დაბრუნდა, თუმცა როდესაც ხალხს უყვებოდა, რომ „ქვის ხელებთან“ იჩხუბა, არავინ უჯერებდა. დაახლოებით 15 წელი დასჭირდა, რათა ბრძოლის ვიდეოკადრები მოეპოვებინა და ეჩვენებინა, რომ მართლაც ლეგენდარულ მოკრივეს დაუპირისპირდა.

„ძალიან ვბრაზდებოდი, როცა ხალხი არ მიჯერებდა. რობერტო ბინძური მოკრივე იყო, მაგრამ კარგი ბინძური მოკრივე. ისე ძლიერად დამარტყა, ვერც წარმოვიდგენდი, ასეთი ძალა თუ არსებობდა. თავშიც ბევრი მომხვდა, მაგრამ კორპუსში მიღებული დარტყმები აუტანელი იყო. რამდენჯერმე მეც მოვარტყი და საკუთარ თავს ვეუბნებოდი: „რობერტო დურანს დაარტყი“. ჩხუბის შემდეგ პუბლიკა ჩემს სახელს სკანდირებდა — დაუვიწყარი შეგრძნება იყო“, — იხსენებს რედფორდი.

ინგლისელმა მოკრივემ კარიერა მომდევნო წელს, 1998-ში დაასრულა. 2010 წელს, როდესაც რედფორდმა დასავლეთ იორკშაირში კრივის დარბაზი გახსნა, დურანი მას პირადად ესტუმრა.

.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები