თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს | ქეცბაიას აღიარება კვიპროსში
კვიპროსულმა სატელევიზიო არხმა, Cablenet-მა, რომელიც ადგილობრივ ჩემპიონატს აშუქებს, თემურ ქეცბაია გამოარჩია. Cablenet-მა კვიპროსის ჩემპიონატის ნოემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა და ეს ჯილდო „ანორთოსისის“ ქართველ დამრიგებელს ერგო.
Cablenet-ი კვიპროსის საფეხბურთო მწვრთნელების ასოციაციასთან თანამშრომლობს და ქეცბაია სწორედ მათი რჩეული გახდა. თემურმა სატელევიზიო არხს ინტერვიუც მისცა, რომელიც პირდაპირ ეთერში პარასკევს გავა.
ნოემბერში „ანორთოსისმა“ ოთხი შეხვედრა გამართა. 2 ნოემბერს ფამაგუსტელები სტუმრად „კრასავას“ დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით, 1:0 იმარჯვეს. ერთი კვირის შემდეგ ქეცბაიას გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე „პაფოსს“ შეხვდა და ქულას დასჯერდა — 1:1.
23 ნოემბერს „ანორთოსისმა“ მეორე გამარჯვება მოიპოვა და „პარალიმინი“ სტუმრად 3:2 დაამარცხა, თვე კი „აპოელთან“ აღებული ქულით დახურა — 1:1. ქეცბაიას 8-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც გასულ ტურში „ომონია არადიპოუსთან“ შეწყდა.