გოჩოლეიშვილი სასტარტოში დაბრუნდა | ჰამბურგი ჰოფენჰაიმთან განადგურდა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტურში „ჰოფენჰაიმმა’’ შინ „ჰამბურგი’’ 4:1 გაანადგურა. „ჰოფენჰაიმი'' მე-4 ადგილზეა, „ჰამბურგი'' გასავარდნ ზონას 4 ქულით უსწრებს, მე-14 საფეხურზეა.
სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში გიორგი გოჩოლეიშვილმა ითამაშა, მთავარმა მწვრთნელმა მერლინ პოლცინმა შესვენებისას მისი შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო, ქართველ მარჯვენა „ვინგბექს’’ მეორე ტაიმში არ უთამაშია. პირველი ტაიმი „ჰოფენჰაიმმა'' 2:0 მოიგო.
„სოფლელებთან’’ მატჩამდე გოჩოლეიშვილი ბუნდესლიგის ზედიზედ ორ მატჩში, „შტუტგარტთან’’ და „ვერდერთან’’ სკამზე იჯდა და ცვლილებაზე ითამაშა. სასტარტო 11-ეულს „ჰოფენჰაიმთან’’ დაუბრუნდა, გოლები მის შეცდომას არ მოჰყოლია, თუმცა შეტევაში პასიური იყო. ზოგადად, „ჰამბურგმა'' სუსტად ითამაშა, მასპინძლებმა აშკარად აჯობეს, რაც ანგარიშშიც კარგად ჩანს.
24 წლის გოჩოლეიშვილმა, რომელიც „შახტარიდან’’ ერთწლიანი იჯარით „ჰამბურგში’’ თამაშობს, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 11 მატჩი ჩაატარა. მხოლოდ სამი მატჩი გამოტოვა, 1 დისკვალიფიკაციის და 2 ტრავმის გამო. როცა მწყობრშია და თამაშის უფლება აქვს, ყოველ მატჩში მოედანზეა, მაგრამ ბოლო პერიოდში მისი სათამაშო დრო შემცირდა.
ბუნდესლიგის მე-15 ტურში, 20 დეკემბერს „ჰამბურგი'' მეხუთეადგილოსან „აინტრახტს'' მიიღებს. პოლცინის გუნდს მორიგი რთული გამოცდა ელის.