ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს | ზარია კაირატს დატოვებს
Vesti.kz-ის ინფორმაციით, ალმათის „კაირატის“ ქართველ ნახევარმცველს, გიორგი ზარიას კლუბთან კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუხანგრძლივებია და ზამთრის პაუზის დროს, სავარაუდოდ, გუნდს შეიცვლის.
დიდი ალბათობით, „ოლიმპიაკოსთან“ შეხვედრა ზარიასთვის ალმათური კლუბის მაისურით ბოლო იქნება. მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ, მოქმედი კონტრაქტი კი დეკემბრის ბოლოს იწურება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ზარიას მიმართ ინტერესს ყაზახეთის ჩემპიონატის რამდენიმე გუნდი იჩენდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი 2024 წლიდან „კაირატში’’ თამაშობს, ქვეყნის ჩემპიონი ორჯერ გახდა (2024, 2025), 28 წლის ცაცია შემტევმა მიმდინარე სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ითამაშა, ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში 5 მატჩი ჩაატარა (1 სასტარტოში), „კოპენაჰგენთან’’ საგოლე პასი შეასრულა.
ზარიასთვის „კაირატი'' პირველი უცხოური კლუბი იყო. მანამდე „სასკოში'', თბილისის „დინამოსა'' და ბათუმის „დინამოში'' ასპარეზობდა.