ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები | ქართველი ფეხბურთელების გუნდების შანსები
ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი. ცნობილმა სპორტულმა პორტალმა Goal-მა ტურნირის ფავორიტების რეიტინგი განაახლა და პირველადგილოსანი გუნდი კვლავ უცვლელი დარჩა. Goal-ის აზრით, ჩემპიონთა ლიგის მოგების ყველაზე კარგი შანსი „არსენალს“ აქვს.
„მეთოფეებს“ „ბაიერნი“ მოსდევს, ხოლო მოქმედი ჩემპიონი — ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ — მესამე პოზიციაზე იმყოფება. გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ ბოლო ტურში „ინტერი“ 1:0 დაამარცხა და Goal-ის რეიტინგში მეექვსე ადგილზე გადავიდა.
გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ მე-18 პოზიციას იკავებს, ხოლო გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ და გიორგი ზარიას „ქაირათი“ ყველაზე სუსტი გუნდების სტატუსით არიან დასახელებულნი — Goal-მა მათ 35-ე და 36-ე ადგილები მიუჩინა. რაც შეეხება ტოპ-10-ს, ის ასე გამოიყურება:
1) არსენალი, 2) ბაიერნი, 3) პსჟ, 4) მანჩესტერ სიტი, 5) ბარსელონა, 6) ლივერპული, 7) ატლეტიკო, 8) ატალანტა, 9) ჩელსი, 10) რეალი.
Goal-ის რეიტინგიდან Opta-ს პროგნოზებზე გადავიდეთ: Opta-ს ვარაუდით, ჩემპიონთა ლიგის მოგების ყველაზე მაღალი შანსი „არსენალს“ აქვს — 22.5%. „ბაიერნი“ აქაც მეორე პოზიციაზეა, ხოლო „კვარას“ პსჟ — მესამეზე (13.56%). მამარდაშვილის „ლივერპულს“ ჩემპიონობის 4.91%-იანი შანსი აქვს, ხოლო ქოჩორაშვილის „სპორტინგს“ — 0.68%.
Opta-ს მიხედვით, „ვილიარეალის“ პლეიოფში გასვლის ალბათობა 0.03%-ს შეადგენს, ხოლო „ქაირათი“ პრაქტიკულად უშანსოდაა.