ხარატიშვილის წარმატებული დებიუტი | სენსაციური გამარჯვება პრაღის სპარტასთან
ჩეხური „პარდუბიცეს’’ მთავარმა მწვრთნელმა იან ტრუსილმა პრაღის „სპარტასთან’’ მეკარე იაჰიმ სერაკი სათადარიგოთა სკამზე დასვა და სასტარტოში ლუკა ხარატიშვილი ათამაშა. ჩეხეთის უმაღლეს ლიგაში ქართველი კიპერის დებიუტი პრაღის epet Arena- ზე შედგა, „პარდუბიცემ’’ სენსაციურად 2:4 მოიგო, რაშიც წვლილი ლუკამაც შეიტანა. 0:2-ზე, როცა მისი გუნდი იგებდა, ლუკამ კარგი რეაქცია გამოავლინა, მასთან პირისპირ გასული შემტევის დარტყმა მოიგერია. რაც შეეხება გაშვებულ გოლებს, პირველი გოლი ასხლეტვის შემდეგ გაუშვა, მეორე გოლისას პენალტი დაარტყეს და მიმართულება ვერ გამოიცნო, საპირისპირო კუთხეში გადახტა.
22 წლის ქართველი მეკარე ბათუმის „დინამოს’’ საკუთრებაა და ერთწლიანი იჯარით ჩეხურ კლუბში თამაშობს, თუმცა უმაღლეს ლიგაში პირველად მე-17 ტურში „სპარტასთან’’ ათამაშეს. ჩეხეთის თასზე „პარდუბიცემ’’ 2 მატჩი ჩაატარა, ლუკა კარში ორივე შეხვედრაში 120 წუთი იდგა. ასევე, სათამაშო პრაქტიკის მიზნით „პარდუბიცეს’’ B გუნდს სამ შეხვედრაში დაეხმარა.
ჩეხეთის უმაღლესი ლიგის 16-გუნდიან ჩემპიონატში „პარდუბიცე’’ 15 ქულით მე-12 ადგილზეა. მე-18 ტურში, 7 დეკემბერს „ჰრადეც კრალოვეს’’ მიიღებს.