„გალაქტიკოს პერიოდში ბექჰემი ყველაზე სტაბილური იყო“ - რობერტო კარლოსი
მადრიდის „რეალის“ ლეგენდარულმა მცველმა, რობერტო კარლოსმა განაცხადა, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში „სამეფო კლუბში“ შეკრებილ ვარსკვლავებს შორის საუკეთესო დევიდ ბექჰემი იყო.
„ზიდანი ტოპ-ფეხბურთელი იყო, მაგრამ ბექჰემი საუკეთესო იყო. ის ჩემი მეგობარი იყო, სამაგალითო ფეხბურთელი, ვარჯიშებზეც და მატჩებშიც საუკეთესო იყო, დაუღალავად დარბოდა და შესანიშნავ პასებს აკეთებდა.
ბევრი შეიძლება ვისაუბროთ რონალდოზე, ზიდანზე, რაულზე, ფიგუზე, მორიენტესზე, სალგადოზე - „გალაქტიკოს“ 4-წლიან პერიოდში ყველაზე სტაბილური ფეხბურთელი ბექჰემი იყო. დევიდი გუნდისთვის ყველაფერს აკეთებდა - უტევდა, თავს იცავდა, პასებს აკეთებდა. ბევრ რამეს მაყურებელი ვერ ხედავდა, მაგრამ ჩვენ, ფეხბურთელები, ამას კარგად ვხედავდით“.
ცნობისთვის, რობერტო კარლოსმა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 11 სეზონი გაატარა, ხოლო ბექჰემთან ერთად 2003-2007 წლებში თამაშობდა. ინგლისელი „რეალში“ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ 37 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
„სამეფო კლუბის“ მაისურით ბექჰემმა 159 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და თითოჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი (2006-07) და სუპერთასი (2003).