ნაკრები ესპანეთში ჩავიდა - წინ ევროპის 4-გზის ჩემპიონთან მატჩია
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის საასპარეზოდ კანარის კუნძულებზე ჩავიდა, სადაც ევროპის ოთხგზის ჩემპიონ ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ბუნებრივია, უკრაინელებთან განცდილი მარცხიდან გამომდინარე, ამ შეხვედრის შედეგმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა და შესაბამისად, ჩვენი გუნდის გამოსვლაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
ცალკე აღნიშვნის ღირსია გიორგი შერმადინი, რომელიც საქართველოს ნაკრების რიგებში ბოლო, რიგით 202-ე მატჩს გამართავს და სიმბოლურია, რომ თამაში იმ „ლაგუნა ტენერიფეს“ დარბაზში გაიმართება, რომლის ღირსებასაც ქართველი ცენტრი მეექვსე წელია იცავს და კლუბის ლეგენდად ითვლება. ესპანეთისა და საქართველოს ნაკრები გუნდები აქამდე ხუთჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც ორჯერ ქართველებმა მოიგეს, სამი შეხვედრა კი პირენეელების გამარჯვებით დასრულდა.
ცნობისათვის, ესპანეთი - საქართველოს მატჩი კვირას, 30 ნოემბერს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება. ჯგუფის მეორე თამაში კი, ამავე დღეს უკრაინასა და დანიის ნაკრებებს შორის გაიმართება და ჩვენი დროით სტარტს 21:00 საათზე აიღებს.