ვლადიმირ ვაისი, გურამ კაშია
Aa
Aa

„ქედს ვიხრი, მასთან 10 წელია ვმუშაობ“ - ვაისმა კაშიას თამაშზე ისაუბრა

კონფერენს ლიგაზე „რაიო ვალეკანოსთან“ ხმაურიანი გამარჯვების (2:1) შემდეგ, ბრატისლავის „სლოვანის” მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც გურამ კაშია განსაკუთრებით შეაქო.

38 წლის ქართველმა მცველმა 49-ე წუთზე გოლის გატანა შეძლო, რითაც ბრატისლაველებმა ანგარიში გაათანაბრეს. კაშიამ დაცვაში უმაღლეს დონეზე ითამაშა და უხეში შეცდომა არ დაუშვია.

„კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდით, თამაშითაც და შედეგითაც. ჩემმა ზოგიერთმა მოთამაშემ პრემიერ ლიგის ფეხბურთელების დონეზე ითამაშა. დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვება ჩვენმა ვეტერანებმა მოგვიტანეს - ვლადიმირმა და გურამმა. მათ ბოლო დროს მედიის მხრიდან ხშირი კრიტიკა ჰქონდათ, თუმცა ამ ფეხბურთელების გარეშე რაიო ვალეკანოს დღეს ვერ მოვუგებდით. ჩვენმა ვეტერანებმა ახალგაზრდები აიყოლეს და ამან გამარჯვება მოგვიტანა.

კაშიასა და ვლადზე (ვაისი უმცროსი) ცალკე მინდა ვისაუბრო. მასთან უკვე 10 წელია ვმუშაობ. ის 38 წლისაა და დიდი პროფესიონალია, ასევე ვიცი როგორი ადამიანიც არის. ვლადიმირი ორ დღეში 36 წლის გახდება და თქვენთან ერთი კითხვა მაქვს: კიდევ რომელი მოთამაშე იცით, რომელიც ამ ასაკში ფლანგზე თამაშობს?

ურთულესია ასეთი ფეხბურთელების პოვნა. ვიცი რასაც ვამბობ. მსგავსი მხოლოდ იურაი კუცკა და ჯაბა კანკავა მახსენდება. ვუყურებდი კაშიას თამაშს და ვფიქრობდი, რომ ახალგაზრდობაში დაბრუნდა. ჩემი გამოცდილი მოთამაშეების წინაშე ქედს ვიხრი“.

– განაცხადა ვაისმა.

ეს „სლოვანისთვის“ ტურნირზე პირველი სამი ქულა იყო. კაშიას გუნდი 30-ე ადგილზე იმყოფება. მე-5 ტურის შეხვედრას ბრატისლაველები 11 დეკემბერს სტუმრად „შკენდიას“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები