გოლი და სამი საგოლე გადაცემა | ლიონელ მესის შოუ ცინცინატის წინააღმდეგ
MLS-ის პლეიოფის აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში „ინტერ მაიამი“ სტუმრად „ცინცინატის“ დაუპირისპირდა. ლიონელ მესის გუნდმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია, მეტოქე 4:0 დაამარცხა და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში კლუბის არსებობის განმავლობაში პირველად გავიდა.
არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ფენომენალური შეხვედრა ჩაატარა. მესიმ საკუთარი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა და გოლი და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა. მატჩში ანგარიში „ლა პულგამ“ გახსნა, მან „ინტერ მაიამი“ მე-19 წუთზე დააწინაურა და ფლორიდელებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს.
57-ე წუთზე „ინტერ მაიამის“ უპირატესობა ორბურთიანი გახდა. მესის გადაცემას მატეო სილვეტის გოლი მოჰყვა. 62-ე და 74-ე წუთებზე ტადეო ალენდეს ჯერი დადგა. ამ უკანასკნელმა დუბლი მიითვალა და მესიმ ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემა გააკეთა.
„ლა პულგა“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და MLS-ის ისტორიაში პირველია, ვისაც ერთ პლეიოფში 12 საგოლე მოქმედება აქვს. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ანტე რაზოვის მიღწევა გააუმჯობესა. Sofascore-მა მესის თამაში 10 ქულით შეაფასა და ამასთან, ლეოს კარიერაში 1300 საგოლე მოქმედება დაუგროვდა.
Calm, sharp, decisive. Leo Messi takes tonight’s #IconOfTheMatch again. ????✨ @RoyalCaribbean pic.twitter.com/YLl0ku72a0
— Inter Miami CF (@InterMiamiCF) November 24, 2025
ცნობისთვის, აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში „ინტერ მაიამი“ „ნიუ იორკ სიტის“ დაუპირისპირდება. მატჩი 30 ნოემბერს გაიმართება და თბილისის დროით, 01:00-ზე დაიწყება.