მალიორკასთან თამაში საეჭვოა - როგორია მიქაუტაძის მდგომარეობა
საქართველოს ნაკრების შემტევმა, გიორგი მიქაუტაძემ „ვილიარეალის“ გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა. ესპანური მედიის ინფორმაციით, ლა ლიგის მე-12 ტურში, „მალიორკას“ წინააღმდეგ ქართველი შემტევის თამაში საეჭვოა.
გიორგი მიქაუტაძემ ტრავმა ლა ლიგის მე-11 ტურში, „ესპანიოლის“ წინააღმდეგ მიიღო, რის გამოც სანაკრებო შეკრებაც გამოტოვა. მიქაუტაძე გუნდს მიმდინარე კვირის დასაწყისში დაუბრუნდა და სამშაბათს თანაგუნდელებთან ერთადაც ივარჯიშა, თუმცა ესპანურ მედიაში ამბობენ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა კონდიციები ბოლომდე ვერ აღიდგინა და ამის გამო, შესაძლოა, „მალიორკასთან“ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღოს. ეს საბოლოოდ ცნობილი დღევანდელი სავარჯიშო სესიის შემდეგ გახდება ცნობილი.
არსებობს ვარაუდი, რომ „ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინომ გიორგი მიქაუტაძეს ერთდღიანი დასვენების შესაძლებლობა მისცა და ზედმეტად აღარ გადატვირთა, თუმცა როგორც გითხარით ქართველი შემტევის ბედი საბოლოოდ დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ გაირკვევა.
გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში „ვილიარეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე 12 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ლა ლიგის მომდევნო ტურში „ვილიარეალი“ 22 ნოემბერს საკუთარ მოედანზე „მალიორკას“ მიიღებს, ამის შემდეგ კი 25 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე „ბორუსია დორტმუნდს“ დაუპირისპირდება.