იჯარა ან სრულფასოვანი ტრანსფერი - მილანი ლევანდოვსკის უმიზნებს
„ბარსელონას“ პოლონელმა ცენტრფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ შესაძლოა კარიერა სერია ა-ში, „მილანში“ გააგრძელოს. ამის შესახებ ავტორიტეტული იტალიური გამოცემა Tuttosport-ი იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, „როსონერის“ ხელმძღვანელობა შეტევის ხაზის გადახალისება სურს და ყურადღებით აკვირდება კატალონიაში ლევანდოვსკის გარშემო შექმნილ ვითარებას.
„იმ შემთხვევაში, თუ „ბარსელონა“ პოლონელ ფორვარდს კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს, „მილანი“ აპირებს, იანვარში ლევანდოვსკი იჯარით დაიმატოს. თუ კატალონიელები იჯარაზე უარს იტყვიან, „მილანის“ ხელმძღვანელობა გეგმავს, ლევანდოვსკი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმოს და ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს“, - წერს გამოცემა.
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში 37 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე „ბარსელონას“ მაისურით გამართულ 12 მატჩში 7 გოლია, ხოლო პოლონეთის ნაკრებში გამართულ 5 შეხვედრაში - 3 გოლი და 3 საგოლე პასი.
აქვე გეტყვით, რომ „ბარსელონამ“ ლევანდოვსკი 2022 წელს „ბაიერნიდან“ 45 მილიონ ევროდ შეიძინა.