საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, ბულგარეთის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„საქართველოს დასამარცხებლად ყველაფერს გავაკეთებთ“ - ბულგარეთის მწვრთნელი

ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დასკვნითი ტურის შეხვედრას გამართავს. ქართველი ფეხბურთელები სოფიაში, ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრე დიმიტროვმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა დიმიტროვმა:

„მინდა, ჯერ რამდენიმე საათით უკან დავბრუნდე და თურქეთთან მატჩზე ვისაუბრო. პირველ მატჩთან შედარებით უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ საკამათო პენალტმა შედეგზე გავლენა მოახდინა, ამას კი ავტოგოლიც დაემატა. ვიცოდით, როგორი გუნდის წინააღმდეგაც ვთამაშობდით, მაგრამ ფეხბურთელების დამოკიდებულება და ქცევა ძალიან კარგი იყო. სწორედ ეს გვინდა ვნახოთ საქართველოს წინააღმდეგ.“

„გთხოვთ, დრო მოგვცეთ და ფეხბურთელებს ამოსუნთქვის შესაძლებლობა მისცეთ. ცხადია, მუშაობა ზეწოლის ქვეშ გვიწევს, მაგრამ მოდით, ეს ზეწოლა ჩემკენ იყოს მომართული და არა ფეხბურთელებისკენ. საუკეთესო ის იქნება, რომ სტადიონი გაივსოს და გულშემატკივრებმა მხარი დაგვიჭირონ. იმედი მაქვს, რომ ჩვენი თავდაუზოგავი შრომით სათამაშო ხარისხისა და შედეგების გაუმჯობესებას შევძლებთ, ამით კი გულშემატკივრებს სტადიონზე დავაბრუნებთ.“

„სტატისტიკა? ყველაფერი გასაგებია, ეს სტატისტიკა კარგია, მაგრამ წარსულს ჩაბარდა. ახლა განსხვავებული მდგომარეობაა, საქართველოს ძალიან კარგი გუნდი და ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები ჰყავს. მათ წინააღმდეგ თამაშით მაქსიმალურად დიდი სარგებელი უნდა მივიღოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შესარჩევი ეტაპი ღირსეულად დავასრულოთ. გუნდი ძალიან რთულ მომენტში ჩავიბარე, მაგრამ დროის ამ მონაკვეთში მცირე პროგრესი გვაქვს. ყველაფერს გავაკეთებთ და მაქსიმუმს გავიღებთ ამ თამაშში გამარჯვებისთვის, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სახლში ვთამაშობთ.“

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში საქართველოს ნაკრებს 3 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება, ბულგარეთი კი 0 ქულით ბოლო, მე-4 პოზიციაზეა. ნაკრებების დაპირისპირება 18 ნოემბერს, საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ორივე გუნდი გამარჯვებას ეცდება. გვინდა შესარჩევი პოზიტივით დავასრულოთ“ - სანიოლი
„ორივე გუნდი გამარჯვებას ეცდება. გვინდა შესარჩევი პოზიტივით დავასრულოთ“ - სანიოლი