„ორივე გუნდი გამარჯვებას ეცდება. გვინდა შესარჩევი პოზიტივით დავასრულოთ“ - სანიოლი
ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დასკვნითი ტურის შეხვედრას გამართავს. ქართველი ფეხბურთელები სოფიაში, ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
რა თქვა სანიოლმა:
„ეს შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩია და გვინდა, რომ კარგი თამაშით დავასრულოთ. ბულგარეთსაც იგივე სურს და ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია ცუდი თამაშების შემდეგ მეტი პოზიტივის ჩვენება. ორივე გუნდი გამარჯვებისთვის იბრძოლებს.“
„ჩვენ უფრო გრძელვადიანი მიზნები გვაქვს. ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია და ახლა გვინდა, რომ ეს კიდევ ერთხელ გავაკეთოთ, თუმცა ამის მეორედ განხორციელება გაცილებით რთული იქნება. გუნდი გაახალგაზრდავების პროცესშია, მაგრამ ვიცით, რა არის საჭირო. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე კვლავ მოვხვდებით.“
იქნება თუ არა ექპერიმენტები? როგორც გითხარით, ახლა ცვლილებების პროცესში ვართ და დაცვითი ხაზი თითქმის მთლიანად იცვლება. ხვალ ოფიციალური თამაშია, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. როგორც ვთქვი, გვინდა ეს საკვალიფიკაციო ეტაპი კარგ და პოზიტიურ განწყობაზე დავასრულოთ. ამის გამო, ხვალ რაიმე განსაკუთრებული ექსპერიმენტის და გაკეთებას არ ვგეგმავ. გამარჯვება გვინდა და ამისთვის, კარგი გუნდური პერფორმანსი უნდა ვაჩვენოთ. ეს მინდა მე და ეს უნდათ ფეხბურთელებს. გვინდა, რომ კოლექტიურად სტაბილურობა ვაჩვენოთ. ესპანეთთან მარცხის მიუხედავად, ვცდილობდით, რომ ბურთით რაღაც განსაკუთრებული გაგვეკეთებინა. მომავალში ერთ-ერთი მიზანი იქნება, რომ ბურთთან ყოფნის დროს უფრო გავუმჯობესდეთ. ხვალ კი ეს ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება. ესპანეთთან წაგებულ შეხვედრაში რაც ბურთით გავაკეთეთ, ვფიქრობ იმაზე უკეთესი იყო, რაც წინა შეხვედრებში. ვფიქრობ, ხვალაც იგივეს გავაკეთებთ.“
„დიახ, სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ამ თამაშს მნიშვნელობა აღარ აქვს, მაგრამ გვინდა, რომ კარგი მატჩი ჩავატაროთ. მნიშვნელოვანი იქნება მომავალი ოფიციალური მატჩებისთვის მომზადება - ერთა ლიგისთვის, საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. ამიტომ თითოეული თამაში ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, ეს ფეხბურთელებმაც იციან. მარტში და ივნისში მხოლოდ ამხანაგური თამაშები გვექნება, მაგრამ ამ თამაშებს პირადად მე როგორც ტურნირს, ისე მივიღებ. ყველა თამაშს ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ, საუკეთესოდ მოვემზადოთ, იგივე მოტივაციით უნდა ვითამაშოთ, რაც წარსულში გვქონდა და თამაშიდან-თამაშამდე გავუმჯობესდეთ.“
„ჩაკვეტაძის დანაკლისი? რა თქმა უნდა, ასეთი ფეხბურთელის გამოკლება ყველა მწვრთნელისთვის დიდი დანაკლისია. ჩაკვე ამ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ძალაა. ის განსხვავებული ფეხბურთელია. როდესაც აქ არის და ჯანმრთელადაა, გუნდს დიდ ძალას მატებს. იმედია მალე გამოჯანმრთელდება და დაბრუნდებდა.“
 
შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაბის A ჯგუფში საქართველოს ნაკრებს 3 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება, ბულგარეთი კი 0 ქულით ბოლო, მე-4 პოზიციაზეა. ნაკრებების დაპირისპირება 18 ნოემბერს, საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.