კანტონას კუნგ ფუ ნეთანიაჰუს - ფრანგის სოლიდარობა პალესტინას
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგმა ლეგენდამ ერიკ კანტონამ ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში ორიგინალურ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ვეტერანმა ფეხბურთელმა, რომელიც მაღაზია Ferry Clever-ში იმყოფებოდა, საფეხბურთო დიზაინერ კრის ფერისთან ერთად გამოაჩინა მაისური, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ ურტყამს ფეხს ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს. ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივარი კი, კარგად მიხვდება, თუ რა გახდა ამ პორტრეტის შექმნის ინსპირაცია.
1995 წელს გამართული „კრისტალ პალასი“ – „მანჩესტერის“ მატჩის მიმდინარეობისას, ადგილობრივი კლუბის ერთ-ერთმა გულშემატკივარმა კანტონას სიტყვა-სიტყვით შემდეგი სიტყვებით მიმართა: „წაეთრიე საფრანგეთში, ფრანგო ძაღლიშვილო“. ეს ყველაფერი კი ერიკმა ვერ მოითმინა და კუნგ ფუს ილეთით ქომაგს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მიუხედავად იმისა, რომ უმკაცრესად დაისაჯა და 20-ათას ფუნტიანი ჯარიმის გადახდის გარდა, 9-თვიან დისკვალიფიკაციად და საფრანგეთის ნაკრების კაპიტნის სამკლავურის დაკარგვად დაუჯდა, კანტონა დღემდე აღნიშნავს, რომ ის ინციდენტი მისი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებაა.
ცნობისათვის, კანტონამ ამავე მაღაზიაში ფოტო პალესტინის ნაკრების მაისურითაც გადაიღო, სადაც ეწერა Free Palestine, ხოლო მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში ფიფასა და უეფას მოუწოდა პალესტინაში მოწყობილი გენოციდის გამო ისრაელი სამაგალითოდ დასაჯოს და საფეხბურთო იზოლაციაში მოაქციოს.