„კონტრშეტევებზე კარგად გადადიან“ | რა თქვა სუბიმენდიმ საქართველოს ნაკრებზე
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩის დაწყებამდე „ფურია როხას“ ფეხბურთელმა, მარტინ სუბიმენდიმ, „ჯვაროსნებზე“ ისაუბრა.
„საქართველოს ნაკრებს ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც დიდ კლუბებში თამაშობენ — მაგალითად, კვარაცხელია, მამარდაშვილი და მიქაუტაძე. თუმცა ყველაზე მეტად, რასაც გამოვყოფდი, არის გუნდის მთლიანობა და ერთობლივი ძალა. იყო მატჩები, რომლებშიც პრობლემები გუნდურობის ხარჯზე შეგვიქმნეს და არა ინდივიდუალური თამაშით.
რას ვფიქრობ საქართველოს ნაკრებზე? როდესაც მეტოქე ბურთს კარგავს, ისინი კონტრშეტევებზე მშვენივრად გადადიან. ამ საკითხს ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან ესპანეთში გამართულ შეხვედრაში ეს იდეალურად არ გაგვიკონტროლებია.“
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი 15 ნოემბერს გაიმართება და თბილისის დროით 21:00-ზე დაიწყება. თუ „ჯვაროსნებმა“ სამი ქულა ვერ აიღეს ან თურქეთმა ბულგარეთთან ერთი ქულა მაინც მიიღო, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის თეორიული შანსიც აღარ გვექნება.