რონალდუს პირველი სანაკრებო გაძევება - პორტუგალია ირლანდიასთან დამარცხდა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურში პორტუგალია ირლანდიას ესტუმრა და მოულოდნელად 2:0 დამარცხდა.
ირლანდიამ ტროი პეროტის დუბლით მოიგო, მაგრამ შეხვედრაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი 59-ე წუთზე იყო, როცა სტანდარტულის დროს კრიშტიანუ რონალდუმ მეტოქეს ზურგში იდაყვი ჩაარტყა, რის შემდეგაც საქმეში ვიდეო რეფერი ჩაერთო და რონი მოედნიდან გააძევეს.
რონალდუმ თავის ზრდასრულ სანაკრებო კარიერაში წითელი ბარათი პირველად მიიღო.
აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუს საკლუბო კარიერაში 12 წითელი ბარათი აქვს. აქედან რვა პირდაპირი და ოთხი ორი ყვითელის შემდეგ იყო ნაჩვენები.
რაც შეეხება F ჯგუფს, პორტუგალია მიუხედავად მარცხისა კომფორტულ პოზიციაშია, რადგან ბოლო ტურში სომხეთს მასპინძლობს და მოგების შემთხვევაში პირველ ადგილს ინაღდებს. 7 ქულიანი ირლანდია კი სტუმრად 8 ქულიან უნგრეთს დაუპირისპირდება, სადაც მეორე ადგილზე გამსვლელის ვინაობა გაირკვევა. მატჩები 16 ნოემბერს გაიმართება.