„იმედგაცრუებული იყო, არ იცოდა, რომ დასვენება მოუწევდა“ - დე ლა ფუენტე იამალზე
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ El Partidazo de Cope-სთან ინტერვიუში ლამინ იამალზე ისაუბრა. მისი თქმით, „ბარსელონას“ ახალგაზრდა შემტევმა არ იცოდა, რომ ჩატარებული სამკურნალო პროცედურის შედეგად ნაკრების თამაშების გამოტოვება მოუწევდა.
დე ლა ფუენტე:
„ბარსელონასა“ და ფედერაციას შორის არანაირი კონფლიქტი არ არსებობს. ყველას საკუთარი ინტერესები აქვს, მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტს ყოველთვის ფეხბურთელების ჯანმრთელობა წარმოადგენს - თუ ისინი კლუბებში თამაშობენ, ნაკრებშიც უნდა ითამაშონ. არ ვიცნობ არც ერთ ფეხბურთელს, რომელსაც ნაკრებში თამაში არ სურს. პირიქით, ისინი ბრაზდებიან, როდესაც განაცხადს მიღმა რჩებიან.
იამალს დარჩენა სურდა. ის ნაკრების ერთგულია. მას გუშინ ვესაუბრე, მთელი დღე და საღამო ერთად ვიყავით. იამალმა ნაკრები დამწუხრებულმა და იმედგაცრუებულმა დატოვა. მან დაზუსტებით არ იცოდა, თუ რა შედეგები მოჰყვებოდა მისთვის ჩატარებულ სამკურნალო პროცედურას. ლამინს პროცედურა „სელტასთან“ მატჩის შემდეგ, ორშაბათს დილით ჩაუტარდა, ჩვენ კი ამის შესახებ არაფერი ვიცოდით.
ჰანსი ფლიკს გავესაუბრები, მაგრამ ეს არ არის მწვრთნელების საქმე. ეს ორ ორგანიზაციას შორის ურთიერთობის ნაწილია. მე ჩემი საქმე მაქვს, ფლიკს - თავისი, მაგრამ ადრე თუ გვიან ამ საკითხზე ვისაუბრებთ. კლუბმა და ფედერაციამ უნდა მიაღწიონ შეთანხმებას, რომელიც ეროვნულ ნაკრებში თამაშის მნიშვნელობას გაითვალისწინებს.
მე ვიცი, როგორ უნდა ვიზრუნო ფეხბურთელებზე. ამ თემაზე ლექციებს ნურავინ წამიკითხავს. ეს ეხება არა მხოლოდ „ბარსელონას“, არამედ სხვა კლუბებსაც“.
ცნობისთვის, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური განცხადებით, იამალს საზარდულის ტრავმაზე, სამკურნალო პროცედურა ჩაუტარდა, რომლის გამოც, 7-10 დღე ვერ ითამაშებს. გასაკვირი ისაა, რომ პროცედურის შესახებ „ფურია როხას“ სამედიცინო შტაბმა არაფერი იცოდა და მათ მხოლოდ 10 ნოემბერს გაიგეს, რომ იამალს დასვენება ესაჭიროებოდა.