იეგოიანი ტრავმირებულია | 21-წლამდე ნაკრების დიდი დანაკლისი
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი იეგოიანი ვერ დაეხმარება. ინფორმაცია ნაკრების ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ბოლო პერიოდში „ექსელსიორის'' ქართველ შემტევს აშკარა პროგრესი აქვს, ნიდერლანდების უმაღლეს ლიგაში დიდ გამოცდილებას იძენს, ნიდერლანდების ჩემპიონატის ბოლო ხუთ მატჩში მის აქტივში სამი საგოლე მოქმედებაა (1 გოლი და 2 საგოლე პასი). რამაზ სვანაძის გუნდისთვის იეგოიანის არყოფნა დიდი დანაკლისია.
Transfermarkt-ის მონაცემებით, ირაკლიმ 21-წლამდე ნაკრებში უკვე 16 მატჩი ჩაატარა, ივნისში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეც ითამაშა, თუმცა სასტარტო 11-ის ფეხბურთელად მიმდინარე შესარჩევში იქცა. სამივე მატჩში სასტარტოში იყო, არ შეუცვლიათ. ანალოგიურადაა „ექსელსიორში’’, სადაც მუდმივად სასტარტო 11-შია და იშვიათად ცვლიან. კარგ ფიზიკურ ფორმაშია, დაცვასა თუ შეტევაში დიდ სამუშაოს ასრულებს.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა დღეს ათენში, საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის მინდორზე პირველი ვარჯიში გამართა. ჩვენი გუნდი, საბერძნეთთან მატჩს 14 ნოემბერს, პანათინაიკოსის სტადიონ „ლეოფოროსზე'' გამართავს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საბერძნეთთან მატჩის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი თბილისში გაემგზავრება და „მიხეილ მესხზე'' 18 ნოემბერს გერმანიას მიიღებს.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩვი ციკლის ჯგუფურ ეტაპზე F ჯგუფში 3 ტურის შემდეგ საქართველო 5 ქულით მესამე ადგილზეა, გერმანია 6 ქულით მეორეზეა, საბერძნეთი 9 ქულით ლიდერია.