„ჯერ ახალგაზრდაა და ბევრი აქვს სასწავლი“ - რაკიტიჩმა იამალი დაიცვა
„ბარსელონას“ ექსფეხბურთელმა, ივან რაკიტიჩმა ლამინ იამალის მიერ „რეალის“ შესახებ გაკეთებული განცხადებები შეაფასა. ხორვატი ფეხბურთელის თქმით, კატალონიელთა „ათიანი“ ახალგაზრდაა და კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი.
„უნდა მივცეთ იამალს შესაძლებლობა, ფეხბურთით დატკბეს. მე მისი დიდი გულშემატკივარი ვარ - მან უნდა იცეკვოს და ითამაშოს ისე, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ ის, მაგრამ ასევე არ შევუზღუდოთ თავისუფლება.
ლამინი ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი. ახლა მან უკვე იცის, რას ნიშნავს ტრავმა და როგორ მიდის რეაბილიტაციის პროცესი. ასეთ მომენტებში ფეხბურთელი პიროვნულად და პროფესიონალურად იზრდება“.
შეგახსენებთ, რომ იამალი ესპანელი სტრიმერის, იბაი ლიანოსის არხის ეთერში „რეალზე“ ისაუბრა და განაცხადა, რომ „სამეფო კლუბი“ გძარცვავს და წუწუნებს“.
აქვე გეტყვით, რომ მოახლოებული ელ კლასიკოს ფონზე იამალის განცხადებებმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. ახალგაზრდა შემტევის სიტყვებზე მადრიდელთა თავკაცს, ჩაბი ალონსოსაც ჰკითხეს, „ბლანკოსის“ მთავარმა მწვრთნელმა კი თქვა, რომ ასეთ განცხადებებს ყურადღებას არ აქცევს.