ფლიკს დისკვალიფიკაცია არ მოუხსნეს | რაფინია რეალთან ითამაშებს
ესპანეთის ლა ლიგის მეათე ტურის მთავარი მატჩი — „ელ კლასიკო“ — 26 ოქტომბერს გაიმართება. თბილისის დროით 19:15-ზე „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ერთმანეთს მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“ დაუპირისპირდებიან.
„ბლაუგრანა“ შეხვედრას მთავარი მწვრთნელის — ჰანსი ფლიკის — გარეშე ჩაატარებს. გერმანელმა სპეციალისტმა „ჟირონასთან“ გამართულ მატჩში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და შესაბამისად, დისკვალიფიცირებულია. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელებმა სასჯელი გაასაჩივრეს, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ვერდიქტი ძალაში დატოვა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „ბარსელონა“ დანებებას არ აპირებს და კომიტეტს დამატებითი აპელაციით მიმართავს, თუმცა შანსი, რომ ფლიკს დისკვალიფიკაცია მოუხსნან, მინიმალურია. სამაგიეროდ, „ბლაუგრანას“ „რეალთან“ რაფინიას იმედი ექნება. Marca-ს ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელის სარეაბილიტაციო პერიოდმა ძალიან კარგად ჩაიარა და „ელ კლასიკოსთვის“ მზად იქნება.
რაფინიას შეეძლო მონაწილეობა მიეღო ჩემპიონთა ლიგის მატჩშიც „ოლიმპიაკოსის“ წინააღმდეგ, თუმცა ფლიკმა გადაწყვიტა, არ გაერისკა და ფეხბურთელს რამდენიმე დამატებითი დღე მისცა ფორმის აღსადგენად. Marca ირწმუნება, რომ რაფინია „ბერნაბეუზე“ მოედანზე იქნება
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის სატურნირო ცხრილს 24 ქულით „რეალი“ ლიდერობს, მეორე ადგილზეა „ბარსელონა“ 22 ქულით, ხოლო მესამეზე — გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“, რომელსაც 17 ქულა აქვს.