კიდევ ერთი ქართველი სერია A-ში - ლორთქიფანიძის დებიუტი კრემონეზეში
იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატში კიდევ ერთი ქართველი გამოჩნდა - სერია A-ს VII ტურში, „კრემონეზე“ – „უდინეზეს“ მატჩის 62-ე წუთზე, მასპინძლების შემადგენლობაში ცვლილებაზე 20 წლის ცენტრალური მცველი დაჩი ლორთქიფანიძე შევიდა, რომელმაც როგორც უკვე გითხარით, ამ დონეზე ძალები პირველად მოსინჯა. დებიუტანტის კვალობაზე ლორთქიფანიძემ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ყოველ შემთხვევაში მისი მინდორზე ყოფნის დროს კრემონელებს გოლი არ გაუშვიათ და იმედია, დავიდე ნიკოლა ქართველ ფეხბურთელს ნდობას მომავალშიც გამოუცხადებს. დაჩიმ ათბალიანი სისტემით 6.5 შეფასება მიიღო, რვიდან ექვსი ზუსტი პასი გააკეთა, ბურთს 13-ჯერ შეეხო და 3-ჯერ დაკარგა.
სიმბოლურია, რომ ლორთქიფანიძემ სერია A-ში პირველი ნაბიჯები იმ „უდინეზეს“ წინააღმდეგ გადადგა, რომლის ძირითადში საბა გოგლიჩიძე ასპარეზობდა და სრულადაც ითამაშა. საბას მასპინძლების გამოცდილი ფორვარდის, ჯეიმი ვარდის მეთვალყურეობა ჰქონდა დავალებული და შეცდომა პრაქტიკულად არ დაუშვია. გოგლიჩიძემ 7.5 შეფასება მიიღო და ამ მხრივ თანაგუნდელებს შორის მხოლოდ ალესანდრო ძანოლიმ აჯობა.
რაც შეეხება მატჩში განვითარებულ მოვლენებს, „კრემონეზე“ სწრაფი გოლით მე-4 წუთზე ფილიპო ტერაჩიანომ დააწინაურა, რასაც ფრიულელებმა 51-ე წუთზე ნიკოლო ძანიოლოს ზუსტი დარტყმით უპასუხეს, რომელმაც „უდინეზეს“ შემადგენლობაში სადებიუტო ბურთი გაიტანა და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს - 1:1.
ცნობისათვის, შვიდი ტურის შემდეგ „კრემონეზე“ 10 ქულით მეათე ადგილზეა და მეთერთმეტეზე მყოფ „უდინეზეს“ ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში, 25 ოქტომბერს, ლორთქიფანიძე და მისი თანაგუნდელები „ატალანტას“ უმასპინძლებენ, ხოლო გოგლიჩიძის ფრიულური კლუბი „ლეჩეს“ მიიღებს.