90 წუთში მოხიბლული ფერგი - როგორ აიწყო კრიშტიანუმ ერთი სპარინგით კარიერა
დიდი ხნით ადრე, სანამ კრიშტიანუ რონალდუ საფეხბურთო ბრენდად იქცეოდა, ჯერ კიდევ თინეიჯერულ ასაკში, პორტუგალიელმა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის, „მანჩესტერ იუნაიტედის“ დაცვაში ბევრი ნაკლოვანება დღის სინათლეზე გამოიტანა, რის შემდეგაც სერ ალექს ფერგიუსონი მიხვდა, რომ ასეთი ბრილიანტის გაშვება ხელიდან არ შეიძლებოდა და შესაძლოა თავის სამწვრთნელო კარიერაში საუკეთესო ტრანსფერი განახორციელა. ერთ შეხვედრაში გაბრწყინებით რონალდუმ ზღაპრულ კარიერას დაუდო სათავე, რომლის დროსაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, უამრავი რეკორდი დაამყარა და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული ბომბარდირის სახელი დაიმკვიდრა.
მიუხედავად იმისა, რომ თამაშის დაწყებამდე ერთ-ერთმა სპორტულმა გამოცემა 2003 წლის 6 აგვისტოს გასამართ „სპორტინგი“ – „მანჩესტერის“ სპარინგს არაფრისმომცემი უწოდა, როგორც დრომ აჩვენა, ეს მატჩი დროის უაზრო ფლანგვა კი არა, დიდი საფეხბურთო ეპოქის ათვლის წერტილი იყო, რომელიც საბედნიეროდ ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ზაფხულის ცხელ საღამოს ლისაბონისა და მანჩესტერის კლუბებმა პორტუგალიის დედაქალაქში „ჟოზე ალვალადეს“ სახელწოდების მქონე ახალი სტადიონის გახსნის აღსანიშნავად გააგორეს ბურთი, სადაც ევრო 2004-ზე რამდენიმე მატჩი გაიმართა, მათ შორის პორტუგალია - ნიდერლანდების (2:1) ნახევარფინალი.
თამაშის დაწყებამდე სერ ალექს ფერგიუსონმა შეგირდებს ტრადიციული მითითებები მისცა, თუმცა ამავდროულად ყველა მათგანი კატეგორიულად გააფრთხილა, რომ „სპორტინგში“ ასპარეზობდა ერთი უნიჭიერესი გარემარბი, რომლისთვისაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექციათ. სტანდარტული დარიგებები არასტანდარტული ტექნიკითა და საფეხბურთო უნარებით დაჯილდოებული კრიშტიანუს შესაჩერებლად საკმარისი არ აღმოჩნდა - მიუხედავად იმისა, რომ გოლი არ გაუტანია, მეტოქის დაცვას დიდი ზიანი მიაყენა, მეკარე ფაბიან ბარტეზს კი გაშვებული ბურთისგან გუნდის გადასარჩენად რამდენიმე სეივის განხორციელება დასჭირდა. როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფლანგზე 18 წლის კრიშტიანუ ბურთს თავისი ასაკისთვის დაუჯერებელი თავდაჯერებულობით ფლობდა და შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა, რომ პრობლემების შექმნა ნებისმიერი მცველისთვის შეეძლო.
ის ახლანდელი ვერსიისგან როგორც გარეგნულად, ასევე სათამაშო თვალსაზრისით განსხვავებული იყო - ზოლიანი თმებით, ბრეკეტებით, ახალგაზრდა და ენერგიული გარემარბი, რომელიც მუდამ ფლანგზე თამაშობდა და საერთოდ არ ცდილობდა საჯარიმო მოედანში ისე შეპარვას მელიასავით, როგორც ახლა აკეთებს და რაც ნებისმიერი ცენტრფორვარდისთვის დამახასიათებელი თვისებაა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ევროპული გრანდებიც ეპატიჟებოდნენ, არჩევანი მაინც „მანჩესტერის“ სასარგებლოდ გააკეთა და ეს „სპორტინგთან“ ამხანაგური მატჩის დასრულებიდან ძალიან მალე, ერთ კვირაში გააკეთა. ყველა დარწმუნებული იყო, რომ კრიშტიანუ „იუნაიტედის“ სათამაშო სტილს ადვილად შეერწყმებოდა, რადგან ორივე მათგანის კრედო იყო შეტევა, შეტევა და მხოლოდ შეტევა.
რონალდუმ თავისი წარუშლელი კვალი არამხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედში“, არამედ მადრიდის „რეალსა“, ტურინის „იუვენტუსში“ დატოვა, ახლა კი „ალ-ნასრს“ ცდილობს წარმატებულ ასპარეზობაში დაეხმაროს.