თოკოს ბენეფისი და დამარცხებული მოსკოვის „ხიმკი“
მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“. ბასკებმა საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტი, მოსკოვის „ხიმკი“ 10 ქულიანი სხვაობით 87-77 დაამარცხეს.
საოცარი მატჩი ჩაატარა ქართველმა მძიმე ფორვარდმა, თოკომ მოედანზე „ბასკონიას“ რიგებში ყველაზე მეტი დრო გაატარა და 28:12 წუთში 15 ქულას, 15 მოხსნას, 3 გადაცემას და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი.
შენგელიამ 12-დან 6 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო მოათავსა კალათში. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 28-ს უწია და ამ მაჩვენებლით იგი ორივე გუნდში საუკეთესო იყო.
ბასკთა მხრიდან თოკოს გარდა როდრიგო ბობოა გამოირჩა 16 ქულით. მოსკოველებს კი ალექსეი შვედმა და ენტონი გილმა ულიდერეს, რუსმა უკანახაზელმა 23 ქულას მოუყარა თავი, გილის ანგარიშზე კი 21 ქულა იყო.
ამ გამარჯვების შემდეგ „ბასკონიას“ 11 მოგება და 13 მარცხი მოუგროვდა. შენგელიას გუნდი მე-9 ადგილზე იმყოფება და საპლეიოფო საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს.