ჩვენთან ყოფნას იმსახურებს | კრემონეზეს დირექტორმა ლორთქიფანიძეზე ისაუბრა
„კრემონეზეს’’ სპორტულმა დირექტორმა სიმონე ჯაკეტამ Laprovinciacr-თან ინტერვიუში დაჩი ლორთქიფანიძის შესახებ ისაუბრა. ჯაკეტას თქმით, დაჩი საინტერესო ფეხბურთელია, პირველ გუნდში ყოფნა დაიმსახურა, ვითარდება და მომავალში გამოჩნდება, დაიტოვებენ თუ გაანათხოვრებენ.
სიმონე ჯაკეტა დაჩი ლორთქიფანიძის შესახებ: „კრემონეზე’’ კიდევ ერთ მცირე სიგნალს აგზავნის. კლუბს სურს, რომ მის ფეხბურთელებს განვითარებაში დაეხმაროს ან გაანათხოვროს და უფრო მომწიფებულები დაიბრუნოს. ის საინტერესო ფეხბურთელია, ამ გარემოში ყოფნას იმსახურებს. დავინახავთ, საჭიროა თუ არა რომ გავანათხოვროთ. მოთმინება სჭირდება, ამ გუნდში ვარჯიში განვითარებაში ეხმარება’’.
20 წლის დაჩი ლორთქიფანიძე ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელია, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ გასული სეზონის შემდეგ „კრემონეზეში'' მოსულმა დავიე ნიკოლამ პირველ გუნდში დააწინაურა, პირველ გუნდთან ერთად სრულფასოვანი შეკრება გაატარა, ამხანაგურ მატჩებში ათამაშა და ამ სეზონში სერია A-ს ექვსივე მატჩში განაცხადში შეიყვანა. ვნახოთ, შესაძლოა დაჩის დებიუტი სერია A-ში მიმდინარე სეზონში შედგეს, რაც ცხადია ფეხბურთელის პროგრესს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
სექტემბერი ჩრდილოთ ირლანდიის 21-წლამდე ნაკრებთან მატჩის შემდეგ დაჩიმ ქართულ მედიასთან საუბარში განაცხადა:
„მაქვს იმედი, რომ სერია A-ში ვითამაშებ. ჩემზეა დამოკიდებული თუ რამდენად დავუმტკიცებ მწვრთნელს, რომ სერია A-ში თამაში შემიძლია. ვიცი რომ პოტენციალი მაქვს, ჩემზეა დამოკიდებული, ვარჯიშებზე თავს კარგად ვგრძნობ, გუნდში თავს კარგად ვგრძნობ. დროის ფაქტორია ჩემი აზრით. არ ვიცი რამდენად მალე, მაგრამ სერია A-ში დებიუტს ველი და ძალიან მიხარია ამ სიტუაციაში ყოფნა. მთავარ მწვრთნელ დავიდე ნიკოლას რამდენჯერმე ვესაუბრე, მისი აზრი ვიცი, ვიცი რომ მოვწონვარ. ვიცი რომ ეს დრო და შანსები უნდა გამოვიყენო’’.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში 6 ტურის შემდეგ „კრემონეზეს'' აქტივში 2 მოგება, 3 ფრე და 1 მარცხია. დავიდე ნიკოლას გაწვრთნილი გუნდი 9 ქულით მე-10 ადგილზეა.