ჰამბურგის სპორტული დირექტორი გოჩოლეიშვილზე: გუნდური მოთამაშე, შესანიშნავი შრომის ეთიკით
გერმანიის ბუნდესლიგის მე-6 ტურში, გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ საკუთარ მოედანზე „მაინცს“ დაუპირისპირდა და 4:0 გაანადგურა.
ქართველი მცველი გერმანულ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და საგოლე მოქმედება შეასრულა.
Nurdieraute-მ გოჩოლეიშვილზე სტატია გამოაქვეყნა, სადაც მის პროგრესზე წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ 24 წლის ფეხბურთელმა მასზე დაკისრებული მოლოდინები გაამართლა.
Nurdieraute-მ „ჰამბურგის“ სპორტული დირექტორის, შტეფან კუნცის შეფასებაც გამოაქვეყნა.
„ის ცნობილია, როგორც აბსოლუტური გუნდური მოთამაშე, შესანიშნავი შრომის ეთიკით. ყველა ამ თვისებით, ის სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ჩვენს დაცვით რგოლს, არამედ მთელ გუნდს, როგორც სპორტული, ისე ადამიანური თვალსაზრისით,“ - თქვა კუნცმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გოჩოლეიშვილმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, „ჰამბურგის“ მაისურით, მე-5 მატჩი ჩაატარა და თითქმის ყველა თამაშში მაღალი ქულებით შეფასდა.
გეტყვით ასევე, რომ „ჰამბურგმა“ ბუნდესლიგაში დაბრუნების შემდეგ, მეორე მატჩი მოიგო. გოჩოლეიშვილის გუნდს 6 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზე აღზევდა.
„ჰამბურგი“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 18 ოქტომბერს, სტუმრად „ლაიპციგის“ წინააღმდეგ გამართავს.