შეტევაში სიმწვავე აკლდა | ზურიკოს დაბალი შეფასება და სენტ-ეტიენის პირველი მარცხი
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-8 ტურში „სენტ-ეტიენი’’ შინ „გენგამთან’’ 2:3 დამარცხდა. მიმდინარე სეზონში „სენტ-ეტიენის'' პირველი მარცხია. 8 ტურის შემდეგ 17 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ტრუას’’ 2 ქულით ჩამორჩება.
„სენტ-ეტიენის'' სასტარტო 11-ეულში ზურიკო დავითაშვილმა ითამაშა, თუმცა მისი დღევანდელი პერფორმანსი გაცილებით უკეთესის სურვილს ტოვებს, შეტევაში სიმწვავე აკლდა, ერთი რეალური საგოლე მომენტიც ვერ შექმნა. მისი დღევანდელი თამაშიდან პოზიტიური მხოლოდ ის ფაქტი იყო, რომ მის წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო „გენგამის'' საყრდენმა ნახევარმცველმა კალიდუ სიდიბემ ყვითელი ბარათი მიიღო.
ქართველი გარემარბი საუკეთესო თვისებებს ვერ ავლენდა და მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანდმა 58-ე წუთზე შეცვალა. ზურიკოს მოედნიდან გასვლისას ანგარიში 1:1 იყო. Sofascore-მა დაბალი შეფასება დაუწერა - 6,2. მას არც საკვანძო პასი შეუსრულებია და არც კარისკენ დარტყმის მცდელობა ჰქონია.
ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილმა შვიდ მატჩში (5 სასტარტოში) 2 გოლი შეაგდო.
ლიგა 2-ის მე-9 ტურში, ოთხ ოქტომბერს „სენტ-ეტიენი'' „მონპელიეს'' ესტუმრება.