მხარდამჭერებიც ჰყავს და ოპონენტებიც | FIFA-მ 64-გუნდიან მუნდიალზე იმსჯელა
სამშაბათს, FIFA-მ 2030 წელს, 64-გუნდიანი მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების იდეა განიხილა. ინიციატივა სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ, CONMEBOL-მა წამოაყენა და ორგანიზაციამ FIFA-ს ოფიციალურადაც მიმართა.
The Athletic-ის ინფორმაციით, ნიუ იორკში მდებარე ტრამპ თაუერში გამართულ განხილვაში FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო და გენერალური მდივანი მატიას გრაფსტრომი მონაწილეობდნენ. ისინი პარაგვაისა და ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტებს შეხვდნენ. L’Équipe-ის ცნობით, მხარეები შეთანხმების მიღწევას უახლოვდებიან.
თუმცა, როგორც The Athletic წერს, ინიციატივამ განსხვავებული რეაქციები გამოიწვია. CONMEBOL-ის იდეას ჰყავს როგორც მხარდამჭერები, ისე ოპონენტები. მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატის შეცვლას FIFA-ს საბჭოს დასტური სჭირდება და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.
ცნობისთვის, CONMEBOL-ს სურს, 2030 წლის მუნდიალი სიმბოლურად, ტურნირის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, განსხვავებული ფორმატით ჩატარდეს და ასეთ გლობალურ მოვლენაში მონაწილეობა რაც შეიძლება, ბევრმა ნაკრებმა მიიღოს. UEFA-ს პრეზიდენტი, ალექსანდრ ჩეფერინი 64-გუნდიანი ტურნირის მოწინააღმდეგე გახლავთ და აცხადებს, რომ ფორმატის ერთჯერადად შეცვლა ცუდი იდეაა.
ცხადია, თუ მონაწილე გუნდების რაოდენობა გაიზრდება, საქართველოს ნაკრებსაც მეტი შანსი გაუჩნდება მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრისთვის. თუმცა, საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატი ჯერ უცნობია. მანამდე კი „ჯვაროსნები“ 2026 წლის მუნდიალზე საგზურისთვის იბრძვიან და იმედი ვიქონიოთ, რომ მიზანს მივაღწევთ.