მეცი მონაკოსთან განადგურდა - წიტაიშვილი ცვლილებაზე შევიდა, აბუაშვილს არ უთამაშია
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურში, გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცი“ სტუმრად „მონაკოს“ დაუპირისპირდა და 5:2 დამარცხდა.
ორივე ქართველი ფეხბურთელი მთავარმა მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე დატოვა. წიტაიშვილი მოედანზე 90-ე წუთიდან გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 4:2 იყო, აბუაშვილს კი თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მისცემია. წიტაიშვილსაც დამატებული დროის გათვალისწინებით 6 წუთი ჰქონდა, თუმცა ქართველმა ვერაფრის გაკეთება მოასწრო.
რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, ანგარიში მე-13 წუთზე მეცმა დიალოს გოლით გახსნა. 28-ე წუთზე მასპინძლებმა ბიერეტის გოლით წონასწორობა აღადგინეს და პირველი ნახევარი ფრედ, 1:1 დასრულდა.
მეორე ნახევრის დაწყებისთანავე, ანსუ ფატიმ, რომელიც მოედანზე რამდენიმე წამის შემოსული იყო, „მონაკო“ წინ გაიყვანა. 67-ე წუთზე ჰეინმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა, დარჩენილ დროში „მეცმა“ თავის კარში სამი უპასუხო ბურთი მიიღო და სამივე მე-80 წუთის შემდეგ. 83-ე წუთზე ფატიმ დუბლი შეასრულა და „მონაკო“ კიდევ ერთხელ დააწინაურა, 86-ე წუთზე კოაოს ავტოგოლით ანგარიში 4:2 გახდა, მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე კი ილენიხენამ სტუმართა კარში მე-5 გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
მიმდინარე სეზონში, გიორგი წიტაიშვილმა „მეცის“ შემადგენლობაში ხუთივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და დღეის გამოკლებით, ყველა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, მის ანგარიშზე კი 1 საგოლე გადაცემაა. გიორგი აბუაშვილმა 5-დან სამ შეხვედრაში ითამაშა.
5 ტურის შემდეგ, „მეცს“ 1 ფრე და 4 მარცხი აქვს და შესაბამისად, 1 ქულით ბოლო, მე-18 ადგილზე იმყოფება. ქართველების გუნდი მომდევნო შეხვედრას 28 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე მე-15 ადგილოსან „ლე ავრთან“ გამართავს.