ვერცხლი პეკინში - გუბანოვამ ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, ფიგურულ ციგურაობაში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს სახელით მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ მეორე ადგილი დაიკავა და, ვერცხლის მედალთან ერთად, ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა.
თავისუფალ პროგრამაში გუბანოვამ 138.15 ქულა მიიღო. ორი პროგრამის ჯამში კი 206.23 ქულა დააგროვა, რაც მილანო კორტინას (იტალია) ზამთრის ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლებას იძლევა.
შედეგად, საქართველოს ნაკრებს უკვე ლიცენზიების სრული კომპლექტი აქვს, რაც მას უფლებას აძლევს, 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზოს ინდივიდუალური გამოსვლების ოთხივე კატეგორიაში.
ამასთან, საქართველოს ნაკრების წევრების მიერ მოპოვებული ლიცენზიების რაოდენობისა და მსოფლიო გუნდური რეიტინგის გათვალისწინებით, საქართველო, დიდი ალბათობით, კიდევ ერთ ლიცენზიას მიიღებს ოლიმპიადის გუნდურ ასპარეზობაში მონაწილეობის მისაღებად.