ჩხუბი გულშემატკივრებს შორის და საავადმყოფოში გადაყვანილი მთავარი მწვრთნელი
Aa
Aa

ჩხუბი გულშემატკივრებს შორის და საავადმყოფოში გადაყვანილი მთავარი მწვრთნელი

საბერძნეთის სუპერლიგის მორიგ ტურში პაოკი და ოლიმპიაკოსი უნდა შეხვედროდნენ, თუმცა თამაში არ ჩატარდა.

სტადიონზე არეულობა თამაშის დაწყებამდე დაიწყო. ოლიმპიაკოსის მწვრთნელ ოსკარ გარსიას, ტრიბუნებიდან მუყაოს მძიმე საგანი ესროლეს, რის შემდეგაც  ესპანელი სპეციალისტი მუხლებზე დაეცა და ხელები სახეზე აიფარა.

ის მოედნიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის შემდეგ, პროტესტის ნიშნად ოლიმპიაკოსის ფეხბურთელებმა მოედანი დატოვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ოსკარ გარსიამ ღამე საავადმყოფოში გაატარა და მას ტუჩის შინაგანი სისხლდენა ჰქონდა.

ინციდენტი ამით არ დასრულებულა. მას შემდეგ რაც მატჩი ჩაიშალა, ერთმანეთს ქუჩებში გასული გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ. სიტუაციის გასანეიტრალებლად, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და ფანების დაშლა სწორედ ამ გზით მოახერხა.

საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის წესების მიხედვით, მომხდარის შემდეგ ოლიმპიაკოსს ტექნიკური გამარჯვება 3:0 ჩაეწერება, პაოკს კი ცხრილში 3 ქულა დააკლდება და შესაძლოა 90 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმასთან ერთად, მომდევნო 2 საშინაო შეხვედრის ჩატარება გულშემატკივრის გარეშე მოუწიოს.

პაოკისთვის 3 ქულის დაკლება ბევრს ნიშნავს, რადგან ისინი 52 ქულით საბერძნეთის სუპერლიგის ლიდერები არიან და მესამე ადგილზე მყოფ ოლიმპიაკოსს 6 ქულით უსწრებენ.

მას შემდეგ, რაც პაოკს 3 ქულა დააკლდება ხოლო ოლიმპიაკოსს 3 მოემატება, 50 ქულით ცხრილის სათავეში აეკი მოექცევა, ხოლო არჩატარებული დერბის მონაწილე გუნდები 49-49 ქულით მეორე მესამე ადგილს დაიკავებენ.

მსგავსი სიახლეები