პიმბლეტი: თოფურიას დავაფინიშებ
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა ილია თოფურიასთან პოტენციურ ჩხუბზე ილაპარაკა.
30 წლის ბრიტანელი დარწმუნებულია, რომ „ელ მატადორის“ სწრაფად დამარცხებას შეძლებს.
„ეს ჩხუბი 5 რაუნდს არ გაგრძელდება - დავაფინიშებ. ის უკეთესი მოკრივეა, ვიდრე მე, მაგრამ ჩვენ კრივში არ ვიბრძვით, MMA-ში ვართ. მე მას ფეხებით ვცემ და როდესაც თავდასხმას დააპირებს, ძირს დავაგდებ, შემდეგ იდაყვებით ისე ვცემ, რომ ვერ ამოიცნონ ან მოვგუდავ“, - თქვა „ბედიმ“.
შეგახსენებთ, რომ პიმბლეტმა ბოლო ბრძოლა მაიკლ ჩენდლერის წინააღმდეგ გამართა და ტექნიკური ნოკაუტით მოიგო.
პედი UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ის წევრია. „ბედი“ მეშვიდე პოზიციას იკავებს და მიუხედავად ამისა, საჩემპიონო ჩხუბის მიღება სურს. ინგლისელი მებრძოლი დარწმუნებულია, რომ თოფურიას მასთან შანსი არ აქვს და დომინანტურად დაამარცხებს.
რაც შეეხება თოფურიას, „ელ მატადორმა“ 29 ივნისს, ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვაკანტურ ქამარს დაეუფლა.
როგორც მოგეხსენებათ, ილიას მომდევნო ჩხუბის თარიღი და მეტოქე უცნობია. ბოლო პერიოდში ყველაზე აქტიურად ჯასტინ გეიჯიზე იწერება, თუმცა UFC-ის ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.