შენგელია: ამ გუნდით ვამაყობ, ასეთი თამაშით ნებისმიერს დავუპირისპირდებით
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი 14-ქულიანი სხვაობით 83:69 დაამარცხა და ევრობასკეტზე ხმაურიანი სენსაცია შემოგვთავაზა.
გუნდის კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ შეხვედრის შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა.
„ჩემს თავზე დიდად ფოკუსირებული არ ვარ. გუნდმა დიდებულად ითამაშა. როცა ბურთს კარგად ვანაწილებდით, ყველაფერი იდეალურად იყო. ამ გუნდით ძალიან ვამაყობ, ვამაყობ ჩვენი სამწვრთნელო სტაფით, აქ მოსული ქომაგებითა და ასევე იმ გულშემატკივრებით რომლებიც ტელეეკრანებთან ისხდნენ და მხარს გვიჭერდნენ.
6 მარცხის შემდეგ გამარჯვება დიდებული გრძნობაა. დღეს პარკეტზე ერთმანეთს კარგად ვგრძნობდით და ჩვენი თავების გვჯეროდა. საქმე არაა იმაში, თუ ვის ვეთამაშეთ, არამედ როგორ ვითამაშეთ. თუ ასე გავაგრძელებთ, ჩვენ ნებისმიერთან შეგვიძლია თანასწორად გამოვიდეთ.
ერთი კაცი მარტო ვერაფერს შეცვლის, ეს გუნდური სპორტია და დღეს ამ გუნდით ვამაყობ. დიდებული მწვრთნელი გვყავს, რომელსაც ძლიერი მენტალიტეტი აქვს. და დავამატებ, დღეს მამუკელაშვილს ტრავმა ჰქონდა, მისი თამაშის შანსები 50-50-ზე იყო. ჩვენ ყველამ ვნახეთ, თუ რაც გააკეთა მამუმ. მადლობა მას.
არაერთხელ მითქვამს, როცა შენს ქომაგს მოედანზე ხედავ ძალიან მაგარი გრძნობაა. მატჩის ბოლოს როცა თამაში დაიძაბა, მათ დიდი მუხტი მოგვცეს. მადლობა ჩვენს ნამდვილ გულშემატკივარს თანადგომისთვის. ხაზს ვუსვამ ნამდვილ გულშემატკივარს“.
მეორე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 30 აგვისტოს იტალიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 16:00-ზე დაიწყება.