შესაძლოა გრენობლთან ვერ ითამაშოს | სენტ-ეტიენის მწვრთნელმა ზურიკოზე ილაპარაკა
ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ეირიკ ჰორნელანდმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. „მწვანეებს“ მომდევნო შეხვედრა „გრენობლის“ წინააღმდეგ ელით და არის შანსი, დავითაშვილმა ეს დაპირისპირება გამოტოვოს.
„დენის აპია და ებენეზერ ანანი მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში ვერ დაგვეხმარებიან. აიმენ მუეფეკს ვაკვირდებით. ამ კვირაში მას ნორმალურად არ უვარჯიშია და მისი თამაშის შანსი 50/50-ზეა. რაც შეეხებათ სხვა ფეხბურთელებს, ყველა კარგადაა ზურიკო დავითაშვილის გარდა. ის დღეს ავად გახდა და ვნახოთ, რა მოხდება.“
ფრანგული გამოცემების ინფორმაციით, დავითაშვილის საკითხი მატჩის დღეს გადაწყდება. ჰორნელანდს არ დაუკონკრეტებია ქართველ ფეხბურთელს რა პრობლემები აქვს. „სენტ-ეტიენისა“ და „გრენობლის“ თამაში 30 აგვისტოს, თბილისის დროით, 22:00-ზე დაიწყება.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში, დავითაშვილს „ბეშიქთაშს“ აქტიურად უკავშირებენ. იწერება, რომ თურქული კლუბი ფეხბურთელს პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა და მოლაპარაკებებს „სენტ-ეტიენთან“ აწარმოებს.